უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში ცუკერბერგმა ლიდერის პოზიცია დათმო

Facebook-ის დამფუძნებლის და Meta-ს გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება ამჟამად 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. Meta-ს ხელმძღვანელის წინ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ადამიანია – ილონ მასკი, რომელიც მას $58 მილიარდით უსწრებს.
Meta-ს ბოლოდროინდელი წარმატება Connect-ის ღონისძიებაზე ახალი პროდუქტის – გაფართოებული რეალობის სათვალის, Orion-ის წარდგენას უკავშირდება. ამ მოწყობილობის მიზანი ვირტუალური სამყაროს რეალობაში გადმოტანაა და ის ჯერაც პროტოტიპის ეტაპზეა, თუმცა თუ ცუკერბერგს დავუჯერებთ, მომავალში ის სმარტფონებსა და ტელეფონებს გაუწევს კონკურენციას.
მართალია, მეტავერსის შექმნის მიმართულებით კომპანიას დიდი პროგრესი არ აქვს და ეს იდეა, ჯერჯერობით, მხოლოდ $60-მილიარდიანი საოპერაციო ხარჯის მომტანი აღმოჩნდა, თუმცა ცუკერბერგი ირწმუნება, რომ Reality Labs-ის საქმიანობის ნაყოფს საზოგადოება მალე იხილავს, რადგან ახლა უკვე საქმეში ხელოვნური ინტელექტიც ჩაერთო.
უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ის Meta-დ გარდაქმნის შემდეგ, კომპანიამ მეტავერსის შექმნის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა. ამ პროცესმა კომპანიას მნიშვნელოვანი წარმატებაც მოუტანა, მაგალითად: 2022 წლის მინიმალური ნიშნულიდან დღემდე Meta-ს აქციების ღირებულება 500%-ითაა გაზრდილი, ხოლო კომპანიის საბაზრო შეფასება ამჟამად 1 ტრილიონ 470 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც Meta-ს არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. ამ შედეგით Meta-ს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-7 ადგილი უჭირავს.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…