ულტრამემარჯვენეთა მოგება ნიდერლანდებში, ვილდერსის წარსულის ჩრდილები და კოალიციის სირთულე

ევროპის ქვეყნების პარლამენტებში ულტრამემარჯვენე და პოპულისტი პარტიების წარმომადგენლობა თითოეული ს შემდეგ იზრდება. ტენდენცია ზრდადია უნგრეთში, პოლონეთში, სლოვაკეთში, იტალიაში (ჩამოთვლილ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე პარტიებმა მთავრობის ჩამოყალიბებაც მოახერხეს) შვედეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ. ნოემბრის ბოლოს სიას შეუერთდა ნიდერლანდებიც, რომლის საკანონმდებლო ორგანოში ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ (PVV) წინა არჩევნების შედეგი თითქმის გააორმაგა და 150 მანდატიდან ყველაზე მეტი, 37 საპარლამენტო სკამი მოიპოვა.
ახლა “ევროკავშირის კოშმარად” წოდებული ხეერტ ვილდერსი და მისი პარტია სამთავრობო კოალიციის შექმნას ცდილობენ, რაც ევროსკეპტიკოსი ულტრამემარჯვენე პარტიის ხელში მეტი ძალაუფლების კონცენტრაციას გამოიწვევს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიდერლანდების ბოლო სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებას 299 დღე დასჭირდა, უნდა ველოდოთ, რომ მიმდინარე პროცესმა, შესაძლოა, მეტ ხანსაც კი გასტანოს.
რატომ უჭერენ მხარს თავისუფლების პარტიას?
“ცვლილებების ქარი უკვე აქ არის” – ასე მიულოცა უნგრეთის თავადაც ევროსკეპტიკოსმა და ულტრამემარჯვენე პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გამარჯვება ნიდერლანდების თავისუფლების პარტიას. მათ მსგავსი “იმედიანი” მილოცვები მიიღეს ევროპის სხვა ულტრამემარჯვენე მთავრობებისა თუ პარტიებისგან. საქმე იმაშია, რომ ვილდერსის პარტიაც ძველ და ნაცად პოპულისტურ გზას მიჰყვება – იმოქმედოს ნაციონალისტურ სენტიმენტზე და ისარგებლოს ახალგაზრდა ასაკის ამომრჩევლების პასიურობით. აქამდე ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიას ხმების 20%-ზე მეტი არასდროს მიუღია, თავისუფლების პარტიამ კი 23.6%-ის მიღება შეძლო. საინტერესოა, რატომ.
ისევე, როგორც, მაგალითად, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის ან სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების შემთხვევაში, აქამდე პოლიტიკურად აუტსაიდერი პარტიების მხარდაჭერა ევროპაში განსაკუთრებით გაიზარდა. გამონაკლისი არც ნიდერლანდები გამოდგა. სხვადასხვა ქვეყანას ასე თუ ისე სხვადასხვანაირი პოლიტიკური და სოციალური კონტექსტი აქვს, თუმცა აშკარაა, რომ ევროპელი ამომრჩეველი ამგვარ პარტიებსა და ლიდერებს სულ უფრო მეტად უჭერს მხარს. შეგვიძლია ეს რამდენიმე პრაგმატული მიზეზით ავხსნათ. ერთ-ერთი მთავარი მიგრაციის საკითხი და ღია საზღვრების პოლიტიკაა. სწორედ ამ უკანასკნელზე იყო აგებული ვილდერსის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილიც.
შეინიშნება ტენდენცია, რომ ევროპელი ამომრჩეველი ნაწილი სულ უფრო მეტად ადანაშაულებს ცენტრისტ, ბევრის აზრით, გადაჭარბებულად იდეალისტ ხელისუფლებებს შორეულ პრობლემებზე ყურადღების ზედმეტად გამახვილებაში და ადგილობრივი, მათ პრობლემების მიმართ უყურადღებობაში. მაგალითად, ბოლო სოციალური კვლევები აჩვენებს, რომ ნიდერლანდების მოსახლეობას ყველაზე მეტად საკვებზე, ენერგიასა და უძრავ ქონებაზე ზრდადი ფასები და ინფლაცია ადარდებთ. იქვეა კლიმატის და ეკოლოგიის საკითხები და მიგრაცია. მაშინ, როცა საერთაშორისო სიტუაციას და მსოფლიო კრიზისებს მთავარ პრობლემად მხოლოდ მოსახლეობის 8% ასახელებს. ამგვარი სურათი განზოგადებადია ევროპის ბევრ ქვეყანაზე და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ამომრჩეველი ულტრამემარჯვენე პარტიებისთვის მხარდაჭერით სწორედ პოლიტიკური სპექტრის გამოფხიზლებასაც ცდილობს.
როგორც ჩანს, ამგვარ სულისკვეთებაზე წარმატებით იმუშავა ნიდერლანდების თავისუფლების პარტიამაც. განსაკუთრებით შეიძლება გამოიყოს საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, ეკოლოგია – პარალელურად, შეხედულებების ევოლუციის წარმატებით შეფუთვა და სხვა.
საგარეო პოლიტიკა
ნიდერლანდების მოქმედმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ მომავალ წელს ს F-16 გამანადგურებელბს გადასცემდა. ნიდერლანდები სთან ერთად ასევე ნაწილობრივ უძღვებოდა უკრაინელი მფრინავების წვრთნასაც, ახლა კი არჩევნების შემდეგ სიტუაცია პარადოქსული გახდა.
უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეს ვილდერსი უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეეწინააღმდეგა – “არ გადაახდევინოთ ნიდერლანდელ ოჯახებს ფასი იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის” – დაწერა მან. ვილდერსი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის მიერ ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და კონკრეტულად ნიდერლანდებისთვის მათ ნეგატიურ ეფექტს უსვამდა ხაზს.
თავისუფლების პარტია ამტკიცებდა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ყირიმსა და დონბასში სიტუაციის ესკალაციას. პარტია ასევე ეწინააღმდეგებოდა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას და პარალელურად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს “ნამდვილ პატრიოტს”, რუსეთს კი ტერორიზმთან და მიგრაციასთან ბრძოლაში მოკავშირეს უწოდებდა.
რუსეთთან და პუტინთან თბილი დამოკიდებულების გამო არჩევნებში ვილდერსის გამარჯვებას სიხარულით შეხვდნენ რუსი პროპაგანდისტებიც. სოციალურ ქსელებში სულ უფრო აქტიურად იხსენებენ და აზიარებენ ვილდერსის ძველ Tweet-ებს, სადაც მაგალითად რუსეთის და ნიდერლანდების დროშების გულსაბნევი უკეთია და წერს, რომ მას “სიამაყით ატარებს”. კიდევ ერთ პოპულარულ ფოტოზე ვილდერსი რუსეთის სახელმწიფო დუმაში გერბისა და დროშის წინ დგას, ხოლო Tweet-ს თან ერთვის წარწერა – “შეაჩერე რუსოფობია. ახლა რეალპოლიტიკის დროა. პარტნიორობა მტრობის ნაცვლად!” ბევრი იხსენებს 2018 წელს რუსული სამთავრობო მედიისთვის მიცემულ ვილდერსის ინტერვიუსაც, სადაც ის ვლადიმირ პუტინს აქებს და უწოდებს ლიდერს, რომელიც “მხარს უჭერს რუს ხალხს” და თანამდებობისთვის “უფრო შესაბამისია”, ვიდრე ევროკავშირის ლიდერები.
მიუხედავად იმისა, რომ ვილდერსის პარტიის საარჩევნო მანიფესტში რუსეთი “აგრესორად” არის მოხსენიებული, ხოლო უკრაინაში მისი შეჭრა “არალეგიტიმურად”, საუბარი არ არის სანქციების ან სხვა სახის პოლიტიკის შესახებ. ვილდერსი ასევე ეწინააღმდეგებოდა გასულ წელს ნიდერლანდების პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ს სიტყვით გამოსვლასაც. პარტიის მანიფესტში ხაზგასმულია უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური რესურსების შემცირების საჭიროება, რადგან მათი “ქვეყანა პირველ ადგილზეა”.
წლების განმავლობაში ვილდერსის პარტიის კიდევ ერთი მსუყე საგარეო პოლიტიკური დაპირება ნიდერლანდების ევროკავშირიდან გამოსვლა – ე.წ. ნექსიტი (Nexit) იყო.
“ქვეყნებს შორის ინტენსიურ თანამშრომლობას არ სჭირდება ისეთი პოლიტიკური გაერთიანება, როგორიც ევროკავშირია” – ნათქვამია პროგრამაში თავისუფლების პარტიის საარჩევნო პროგრამაში.
წინასაარჩევნო პერიოდში ვილდერსი აქტიურად საუბრობდა სავალდებულო რეფერენდუმის ჩატარებაზე, თუმცა ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ნიდერლანდელების მოსახლეობის დაახლოებით 80% კვლავ ამჯობინებს ქვეყნის ევროკავშირში დარჩენას. შესაბამისად, ეს უკანასკნელი სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებისას თავისუფლების პარტიისთვის მარტივი კომპრომისი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ევროკავშირის ბიუროკრატების პოლიტიკის მიმართ სკეპტიკური განწყობების მქონე მთავრობები სულ უფრო მეტად გადადიან იმ აზრზე, რომ ბლოკს მართლაც მოაქვს სარგებელი, ამიტომ ჯობია წევრებად დარჩნენ, თუმცა გაერთიანების შიგნიდან ცვლილება დაიწყონ – მიჰყვნენ ს მიერ არაერთხელ გაჟღერებულ სცენარს.
თავისუფლების პარტია მკაცრად ეწინააღმდეგება ევროკავშირში ახალი წევრების მიღებას, განსაკუთრებით კი ხაზს ყოველთვის თურქეთის შემთხვევას უსვამს. ვილდერსის პარტიის გაძლიერება მომდევნო წლებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს სახარბიელო წინსვლას ნამდვილად არ უქადის.
ვილდერსი ასევე ს აქტიური მხარდამჭერია. ის ისრაელს “ისლამისგან მომავალი საფრთხისგან დასავლეთის თავდაცვის პირველ ხაზს” უწოდებს. მისი აზრით, ისრაელი ნიდერლანდების მთავრობისგან განსაკუთრებულ სტატუსს იმსახურებს, რადგან ის მათი სახელით იერუსალიმისთვის იბრძოდა. ის კონფლიქტს ისრაელსა და პალესტინას შორის არა ტერიტორიისთვის ომად, არამედ იდეოლოგიურ ბრძოლად მიიჩნევს – “იდეოლოგიურ ბრძოლად გათავისუფლებულ დასავლეთსა და ისლამური ბარბაროსობის იდეოლოგიას შორის”.
მიგრაცია
PVV წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად აპელირებდა, რომ ქვეყანაში მხოლოდ გასულ წელს 400 000 ემიგრანტი ჩავიდა, რაც სწორედ უკრაინაში ომის შედეგი იყო, რადგან პარტია იქამდე არსებულ წლიურ 200 000-იან მაჩვენებელსაც საგანგაშოდ მიიჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ ანტი-ისლამური პოზიციის გამო პარტიის ხედვას გავლენის მოხდენა შეუძლია ემიგრანტებსა და ლტოლვილებზე აფრიკიდან და აზიიდან, პოზიცია უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით გაურკვევლი რჩება.
გამარჯვების შემდეგ სიტყვით პირველად გამოსვლისას ვილდერსმა პირობა დადო, რომ გაუმკლავდებოდა ნიდერლანდებში გაჩენილ “თავშესაფრის ცუნამს”. ბევრი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც პარტიას ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა სწორედ ანტიიმიგრაციული დღის წესრიგია, ამ ხედვის საფუძველი კი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ანტი-ისლამური ნარატივია. მიგრაციაზე საუბრისას თავისუფლების პარტია პირველ რიგში ხაზს სწორედ იმას უსვამს, რომ ნიდერლანდებში მუსლიმთა მიგრაცია უნდა შეწყდეს.
“გაისეირნეთ ქუჩაში და ნახეთ, რა გველის შემდეგ. აღარ გვგონია, რომ საკუთარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. იქ ბრძოლა მიმდინარეობს და ჩვენ თავი უნდა დავიცვათ. სანამ გაიაზრებთ, ეკლესიაზე მეტი მეჩეთი დაგხვდებათ” – მუდმივად იმეორებდა ვილდერსი.
წლების განმავლობაში პარტიამ მიგრაციის პოლიტიკის შესახებ არაერთი ინიციატივა წარადგინა, მათ შორის, 5-წლიანი მორატორიუმი არადასავლელი უცხოელების შემოდინებაზე; უცხოელ მაცხოვრებლებისთვის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების წართმევა; 5-წლიანი მორატორიუმი ახალი მეჩეთებისა და ისლამური სკოლების დაარსებაზე; სწავლების ენად მხოლოდ ჰოლანდიურის დაკანონება; ნიდერლანდებში ყველა მცხოვრების ეთნიკური წარმომავლობის აღრიცხვა და ასე შემდეგ.
საქმე იმაშია, რომ პარტიისთვის თითქმის ყველა პრობლემა სწორედ მიგრაციასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ვილდერსი ითხოვდა ებრაელებისა და LGBT თემის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე სასჯელის გამკაცრებას, რომელიც, მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში სწორედ მუსლიმების მიერაა ჩადენილი.
კლიმატი
ვილდერსის კიდევ ერთი დაპირება კლიმატის გლობალური შეთანხმებების დატოვებაა. მაგალითად, პარტიას სურს ჩრდილოეთის ზღვიდან მეტი ნავთობისა და გაზის მოპოვება, ქარისა და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობის შეჩერება. პარალელურად, ნიდერლანდები ევროპაში გარემოს ერთ-ერთ უდიდეს დამაბინძურებლად ითვლება, თუმცა პარტია ევროკავშირის რეგულაციებს დრაკონულს უწოდებს. ეს კი ნიდერლანდელი ფერმერებისთვის, რომლებიც, მაგალითად, აზოტის გამონაბოლქვზე შეზღუდვას მუდმივად აპროტესტებენ, ულტრამემარჯვენე პარტიისთვის არჩევნებზე მხარდაჭერის მოტივაციაა.
“ჩვენ არ უარვყოფთ კლიმატს, ჩვენ გვაქვს კლიმატის პრობლემა, მაგრამ ამას ნიდერლანდებში ვერ გადავჭრით. თუ აქ ქვანახშირზე მომუშავე ერთ ელექტროსადგურს დავხურავთ, იმავე კვირაში ჩინეთში ათი გაჩნდება”. – თქვა ვილდერსმა.
ასეა თუ ისე, წინასაარჩევნო და შემდეგ პერიოდზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებამ ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიისა და თავად ხეერტ ვილდერსის რიტორიკა შედარებით შერბილდა, რამაც მათთვის ხმის მიცემა უფრო გაამარტივა. ეს რადიკალური პარტიებისთვის და მათი ერთი შეხედვით ხისტი ლიდერებისთვის მიღებული პრაქტიკაა, იგივე მოხდა იტალიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ვილდერსი მაინც განსაკუთრებულ შემთხვევად რჩება. პოლიტიკაში მისი 25-წლიანი მოღვაწეობის დავიწყება რამდენიმეთვიანი შერბილებული ტონით ნამდვილად შეუძლებელია.
რას “იცავს” და რას “ებრძვის” ხეერტ ვილდერსი?
“მე არ მძულს მუსლიმები, მე მძულს ისლამი” – ამ და არა მარტო ამ სიტყვების ავტორი 60 წლის ხეერტ ვილდერსი განსაკუთრებით ცნობილია (არცთუ ისე კარგი გაგებით) მისი ანტი-ისლამური შეხედულებების გამო. ამავე მიზეზით ის 2004 წლიდან მუდმივად პოლიციისა და პირადი დაცვის მფარველობის ქვეშ ცხოვრობს. ერთხელ ისიც თქვა, რომ აღარც კი შეუძლია წარმოიდგინოს როგორია ქუჩაში მარტო სიარული.
როცა ის ნიდერლანდების პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა, ვარცხნილობის გამო მოცარტი შეარქვეს. ახლა კი ზოგჯერ მას ჰოლანდიელ დონალდ ტრამპსაც უწოდებენ – ამჯერად საქმე მხოლოდ ვარცხნილობასთან არ გვაქვს. 2016 წელს -ს არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას ვილდერსი სიხარულით შეხვდა და თქვა, რომ “ამერიკელებმა თავიანთი ქვეყანა დაიბრუნეს”. მიუხედავად ამისა, ვილდერი ყველას მისი დისკრიმინაციული, ანტი-ისლამური, ევროსკეპტიკური და ზოგჯერ არაჰუმანური სიტყვების გამო ახსოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხაზს უსვამს მის მიერ ბოლო პერიოდში შეცვლილ ტონსა და რიტორიკას, ეს ბევრისთვის წარსულის ციტატებს არ ცვლის. მაგალითად:
“ყურანი რელიგიის Mein Kampf-ია (ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფია “ჩემი ბრძოლა”), რომლის მიზანი სხვების განადგურებაა… აკრძალეთ ეს საშინელი წიგნი ისე, როგორც Mein Kampf-ია აკრძალული”. (2007)
2007 წელს ვილდერსმა ჰოლანდიურ გაზეთს de Volkskrant-ს გამოსაქვეყნებლად წერილი გაუგზავნა, რომელშიც ყურანს “ფაშისტურ წიგნად” მოიხსენიებდა. მისი აზრით, “წიგნი იწვევს სიძულვილს და მკვლელობას, ამიტომ მისი ადგილი “ჩვენს სამართლებრივ წესრიგში არ არის”. ის ასევე “ეშმაკად” მოიხსენიებდა მუჰამედს და ამბობდა, რომ დღეს ის “ტერორისტობისთვის ძებნილი იქნებოდა”. წერილი პირველ გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა სარედაქციო ედიტორიალში თავად გამოცემაც უსვამდა ხაზს, რომ თავისუფლების პარტიის ლიდერი “ძალიან შორს წავიდა”.
“ისლამი არ არის რელიგია. ისლამი იდეოლოგიაა – ჩამორჩენილი კულტურის იდეოლოგია”. (2008)
ვილდერსმა ისლამი “ჩამორჩენილად” Observer-თან ინტერვიუში 2008 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩაწერის დროს მოიხსენია. ფილმი სახელწოდებით Fitna (არაბული სიტყვა, ნიშნავს დაპირისპირებას, ქაოსს) კვლავ ყურანის, როგორც “ფაშისტური წიგნის” კრიტიკას შეეხებოდა. ფილმი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისა და ყურანის ციტატების გაერთიანებასაც მოიცავდა და ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ ისლამური ტერორიზმის საფუძველი სწორედ ყურანის შეგონებებია.
ისლამურ ჩაცმულობაზე: “თავსაბურავის ხარკი, მინდა ასე ვუწოდო… უკეთესი გარემო იწყება შენით და ეს საჯარო სივრცის დაბინძურებაა… მოდით, რამე ვიღონოთ ჩაგვრის ამ სიმბოლოსთან დაკავშირებით… დამრღვევმა უნდა გადაიხადოს”. (2009)
ვილდერსმა მუსლიმთა ჩაცმულობის შესახებ სიტყვით 2009 წელს ნიდერლანდების ყოველწლიურ პოლიტიკურ დებატებზე გამოვიდა. ვილდერსი თავსაბურავის ტარებისთვის წლიური €1 000-იანი გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, რამაც სკანდალური რეაქცია და მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ის ასევე საუბრობდა თავსაბურავების სამთავრობო შენობებში აკრძალვაზე.
ვილდერსის სიტყვით გამოსვლა ჰააგაში (2014): “ამ ქალაქში და ნიდერლანდებში მეტი მაროკოელი გინდათ, თუ ნაკლები?” ხალხი: “ნაკლები! ნაკლები!” ვილდერსი: “ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე!”
რადიკალი პოლიტიკოსის ეს გამოსვლა სასამართლოს მიერ უკანონო დისკრიმინაციად შეფასდა, რაც ვილდერსისთვის კრიმინალური ჩანაწერის მიზეზიც გახდა, თუმცა ის გაათავისუფლეს და სასჯელი არ მიუსჯიათ. ვილდერსის სასამართლომ ასევე გამოიწვია დასავლური მართლმსაჯულების კრიტიკა და გადაჭარბებული სენსიტიურობის გამოვლინებაში დადანაშაულება. ვინაიდან მუდამ არსებობს კრიტიკა დისკრიმინაციის განზოგადებით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, ბევრი მიიჩნევს, რომ ვილდერსი დამნაშავე არ ყოფილა. ის საუბრობდა მის ამომრჩევლებთან, გამოხატავდა მის პოზიციას, მსმენელი აშკარად ეთანხმებოდა და აზრებს ვერბალურად ცვლიდნენ. შესაძლოა, მთავარი კითხვა მდგომარეობს არა იმაში, თუ როგორ უნდა აეკრძალათ კანონით “სიძულვილის ენის” გამოყენება ხეერტ ვილდერსისთვის, არამედ იმაში, თუ რატომ იზიარებდა ამომრჩეველი მაშინ მის პოზიციას და ახლა რატომ მიიღო ყველაზე მეტი საპარლამენტო მანდატი სწორედ ამ სიტყვების ავტორმა პოლიტიკოსმა.
ვილდერსს ამ ან მსგავსი გამოსვლებისთვის ბოდიში არასდროს მოუხდია და ამგვარი სიტყვების მრავალგვარი მაგალითი არსებობს, ის კი ამჟამად ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის იბრძვის და მიზნისგან არც ისე შორსაა:
“ნიდერლანდებში თავშესაფრისა და მიგრაციის “წყალდიდობის” შემცირებით, ჩვენი ქვეყნის ისლამიზაციაც შემცირდება”.
“ნიდერლანდები არ არის ისლამური ქვეყანა: საჭირო არ არის ისლამური სკოლები, ყურანი, მეჩეთები”.
2015 წელს ევროპაში მიგრაციის კრიზისის ფონზე ვილდერსი საუბრობდა საზღვრების ჩაკეტვის აუცილებლობაზე და ეჭვქვეშ აყენებდა ქვეყნის დემოკრატიას, რადგან პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა მას არ ეთანხმებოდა. სირიაში ომის შედეგად თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილმა რაოდენობამ ვილდერსს მისი პოლიტიკის პოპულარიზაციის ახალი შესაძლებლობა მისცა და ამ პირობებში ის ქვეყნის დემოკრატიისა და ინსტიტუტების ეჭვქვეშ დაყენებასაც არ ერიდებოდა:
ნიდერლანდების დემოკრატიაზე: “ამ ყალბ პარლამენტს, დიახ, სწორედ ყალბ პარლამენტსა და ხალხს შორის უზარმაზარი უფსკრულია” (2015)
გახდება თუ არა ვილდერსი ნიდერლანდების პრემიერმინისტრი?
მიუხედავად იმისა, რომ ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, ეს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ არის. ვილდერსის პარტიას 150-დან ყველაზე მეტი, 37 მანდატი აქვს, თუმცა უმრავლესობის მთავრობის შესაქმნელად 76 დეპუტატია საჭირო, შესაბამისად, ნიდერლანდებისთვის დამახასიათებელი კოალიციის შექმნის გრძელი და არცთუ ისე მარტივი პროცესი უკვე დაწყებულია.
ნიდერლანდების მოქმედი მმართველი პარტია, ლიბერალური ცენტრისტ-მემარჯვენეები (VVD) ვილდერსის სამთავრობო კოალიციას მხარს არ დაუჭერს. პარტიამ არჩევნების შედეგებით მესამე ადგილი დაიკავა და 24 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა (წინა არჩევნებთან შედარებით 10-ით ნაკლები). მიუხედავად ამისა, პარტიის ლიდერმა არჩევნების შემდეგ თქვა, რომ “კონკრეტულ შემთხვევებში” ისინი მხარს დაუჭერენ მემარჯვენე-ცენტრისტულ სამთავრობო კაბინეტს, თუმცა ვილდერსთან ერთად მთავრობას არ შეუერთდებიან.
ხეერტ ვილდერსისთვის ერთ-ერთი პოტენციური პარტნიორი და მომავალი კოალიციის წევრი ახლახან შექმნილი ახალი სოციალური ხელშეკრულების პარტიაა (NSC), რომელმაც არჩევნებზე 20 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. მიუხედავად გამოხატული მზაობისა, მეტწილად ცენტრისტი პარტიის ლიდერმა კამპანიის დროს მაინც გაუსვა ხაზი, რომ ვილდერსის ექსტრემალური პოზიციები თანამშრომლობას გაართულებს, მაგალითად ისლამზე თავისუფლების პარტიის ლიდერის სიტყვებს კი კონსტიტუციის დარღვევა უწოდა. სავარაუდოა, რომ ამგვარი კოალიციისთვის ვილდერსს კომპრომისზე წასვლაც მოუწევს. ყოველ შემთხვევაში ვილდერსის პარტიას NSC-სთან ყველაზე მეტი გადაკვეთის წერტილი აქვს – ევროსკეპტიციზმი (თუმცა პარტია Nexit-ის რეფერენდუმს მხარს არ უჭერს), მკაცრი ანტიიმიგრაციული პოლიტიკა და სხვა.
თავისუფლების პარტიასთან კოალიციაზე ასევე საუბრობს ფერმერ-მოქალაქეთა პარტიაც (BBB), რომელმაც 7 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა (განსხვავებით წინა არჩევნებისგან, როცა პარტიას პარლამენტში მხოლოდ1 წარმომადგენელი ჰყავდა). ფერმერთა პარტია ემხრობა ვილდერსის პოზიციებს ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის შესახებ, თანაც პარტიას ნიდერლანდების სენატში (საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა) 16 წარმომადგენელი ჰყავს, რაც მის გავლენას კიდევ უფრო ზრდის.
ლეიბორისტული და მწვანეთა პარტიის კოალიციამ (GL/PvdA), რომელიც არჩევნებზე მიღებული შედეგებით მეორე ადგილზე გავიდა და 25 მანდატი მოიპოვა, ვილდერსთან კოალიცია მკაცრად გამორიცხა. თუ NSC თავისუფლების პარტიასთან კოალიციაზე უარს იტყვის, მას შეუძლია შეუერთდეს ლეიბორისტებისა და მწვანეთა კოალიციას, რომელიც პრემიერად ფრანს ტიმერმანს ასახელებს.
ახალი კოალიციის ჩამოყალიბებამდე ხელისუფლებაში კვლავ მარკ რუტე და მისი კაბინეტი რჩება.
“დღეს, ხვალ, ან ზეგ მე გავხდები ამ ლამაზი ქვეყნის პრემიერმინისტრი” – დაწერა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვილდერსმა. ის ამტკიცებს, რომ “ყველას” პრემიერმინისტრი იქნება და მისი მთავრობა არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც რამენაირად არაკონსტიტუციურად ჩაითვლება.
არსებობს იმის მოლოდინიც, რომ ვილდერსის შერბილებული ტონისა და კოალიციის აუცილებლობის გამო ნიდერლანდების პოლიტიკაში ის მასიურ ძვრებს ვერ გამოიწვევს. ბევრს მოჰყავს მაგალითად იტალიის შემთხვევა და არჩევნების შემდეგ ჯორჯია მელონის მთავრობის ულტრამემარჯვენობაში “ულტრას” შემცირება.
ვილდერსის მთავრობას შეუძლია სასწავლო დაწესებულებების იძულება, სწავლა მხოლოდ ეროვნულ ენაზე წარიმართოს ან გაზარდონ საფასური. მსგავსი ქმედებებით ისინი “იბრძოლებენ” მიგრაციის ტალღასთან. ნიდერლანდებს ასევე შეუძლია გარკვეულწილად შეანელოს კლიმატის დღის წესრიგი, თუმცა მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ევროკავშირის დონეზე იმართება. ნაბიჯები შესაძლოა გადაიდგას დღგ-ს შემცირებისკენ, საპენსიო ასაკის დაწევისკენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯების ზრდისკენ, რაც თავისთავად თავისუფლების პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი იყო. მაგრამ როცა საქმე ეხება სასაზღვრო პოლიტიკის სრულად ცვლილებას, ევროკავშირის წევრობას, რელიგიურ თავისუფლებას ან უკრაინის მხარდაჭერას, ვილდერსის პოტენციურ კოალიციურ მთავრობას დრამატული ცვლილებებისთვის ბერკეტები არ ექნება.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნიდერლანდების პოლიტიკური სივრცე ფრაგმენტირებულია – მიუხედავად იმისა, რომ ვილდერსის პარტია გამარჯვებულად ითვლება, მას მხარს მხოლოდ მოსახლეობის 23% უჭერს, საკანონმდებლო ორგანოში კი მოქალაქეთა წარმომადგენლების უმრავლესობა არ არის პუტინის მომხრე, არ სურს Nexit-ი, ან ქვეყანაში ყველა მეჩეთის დანგრევა. სამაგიეროდ, ეს უხეში, თუმცა საგრძნობი შეხსენებაა, თუ რა პრობლემების წინაშეა ევროპული ზოგჯერ ბრმად იდეალისტური პოლიტიკა და როგორ ფორმირდება ამომრჩევლის ახალი ხედვები.