ულამაზესი ტორტი, ბუშტები და რომანტიკული გარემო – ხვიჩა კვარაცხელია 23 წლისაა: როგორ ულოცავენ ქართველ ვარსკვლავს დაბადების დღეს მეუღლე, დედა, ძმა, სიდედრი და მეგობრები

ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია. ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი 23 წლის გახდა. მას დაბადების დღე ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა სოციალურ ქსელშიც მიულოცეს. მეუღლემ, ნიცა თავაძემ, ახალგაზრდა ფეხბურთელს სადღესასწაულო გარემო შეუქმნა და იუბილე ბუშტებისა და ტორტის ფონზე მიულოცა. პოსტი გამოაქვეყნეს ნიცას დამ, ნილამ და დედამ:
“ვულოცავ დაბადების დღეს ნამდვილად გამორჩეულ ადამიანს! ისეთივე ლამაზ, მხიარულ და მაგიურ დაბადების დღეს გისურვებ, როგორც შენ ხარ” – წერს ნიცას დედა.
ხვიჩას დაბადების დღე დედამ, მაკა ლუკავამაც მიულოცა:
“გილოცავ, დედი – 23! ყველა შენი ოცნების ახდენას გისურვებ! გფარავდეს უფალი შენს ულამაზეს ნიცასთან ერთად, გამრავლდით და გაიხარეთ. უსაზღვრო ბედნიერება ხარ!”


წარმატებული ქართველი ფეხბურთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.