დაბალბიუჯეტიანმა უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp-მა რეგულარული ფრენები განაახლა. ავიაკომპანია მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში იქნება ბაზირებული.
ამის შესახებ SkyUp-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია.
რვა რეისზე, კერძოდ, პარიზის, ლისაბონის, ბარსელონას, ალიკანტეს, პალმა დე-მალიორკას, ლარნაკას, სალონიკისა და ჰერაკლიონის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
SkyUp-მა ბაზირებისთვის კიშინიოვი იმიტომ აირჩია, რომ მოლდოვა გეოგრაფიულად უკრაინასთან ახლოსაა, „რაც საერთაშორისო მარშრუტების ორგანიზებისთვის ლოგისტიკურად მოსახერხებელი და საიმედო გადაწყვეტილებაა.”
ცნობისთვის: 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე SkyUp-მა ბიზნესის ახალი ხაზის შემუშავება დაიწყო, რაც “სველი ლიზინგის,” ანუ ACMI-კონტრაქტებით ფრენების სხვა ავიაკომპანიებისთვის შესრულებას გულისხმობდა. ACMI კონტრაქტი თვითმფრინავის გაქირავების ფორმაა, რომლის დროსაც ავიაკომპანია მომხმარებელს თვითმფრინავს ეკიპაჟთან და ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად გადასცემს, რისთვისაც ის ფიქსირებულ საფასურს იღებს. ამასთან, ბილეთების გაყიდვის კომერციული რისკები რეისების მომხმარებელს ეკისრება.
ამჟამად SkyUp-ის თვითმფრინავები Wizz Air-ის რეისებზე გამოიყენება. ეს ხელშეკრულება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევიდა ძალაში და 2025 წლის 31 მარტამდე მოქმედებს.
2023 წლის მაისში SkyUp-მა ევროკავშირში შვილობილი ავიაკომპანია, SkyUp MT გახსნა, რომელიც მალტაში არის რეგისტრირებული. ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თავისი ბაზების გახსნას ეგვიპტის კურორტებზე გეგმავს. სექტემბერში SkyUp-მა ფრენის უფლება აშშ-ში, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში ოპერირების ნებართვა კანადაში მიიღო.