უკრაინამ, რომელმაც ომის მიმართ მიდგომა გადააფასა და ძველი ტექნოლოგიები ინოვაციებს შეუთავსა, ახალი ფრთოსანი რაკეტა FP-5 „ფლამინგო“ შექმნა. მას 3 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსი აქვს და ტონაზე მეტი წონის ქობინის გადატანა შეუძლია.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ინდეპენდენტი“ იუწყება.
ეს იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის უკვე გამოიყენება. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ „ფლამინგო“უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სრულად კონტროლდება და მის გამოყენებაზე მოკავშირეების მხრიდან შეზღუდვები არ ვრცელდება.
გაზეთის ცნობით, უკრაინელი მწარმოებლები, გარე შეზღუდვებისა და ბიუროკრატიული წნეხის საპასუხოდ, იძულებულნი გახდნენ, მთლიანად საკუთარი იარაღის შექმნაზე გადართულიყვნენ.
„ფლამინგოს“ მახასიათებლები და უპირატესობები:
· დიაპაზონი: 3000 კმ-მდე;
· სიჩქარე: მაქსიმალური 900 კმ/სთ;
· დატვირთვა: ტონაზე მეტი;
· დიზაინი: რაკეტა აღჭურვილია საბჭოთა პერიოდის ტურბორეაქტიული ძრავით. ზოგიერთი მათგანი „ნაგავსაყრელებზე მოიძიეს“;
· შედარება: „ფლამინგოს“ აქვს ამერიკულ „ტომაჰავკზე“ ორჯერ მეტი მოქმედების რადიუსი და გადააქვს ორჯერ მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება, მაშინ როცა მისი წარმოება დაახლოებით იგივე ფასი ჯდება.
„ფლამენგოს შემთხვევაში“, მთავარი ფაქტორი დამოუკიდებლობაა. გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავიანთი Storm Shadow-ის ტიპის რაკეტების გამოყენება შეუზღუდეს, ხოლო შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები ATACMS-ის რაკეტების გამოყენებაზე დააწესა.
„სამაგიეროდ, კიევს შეუძლია, „ფლამინგო“ ნებისმიერი სამიზნის მიმართულებით გაუშვას. ის შეზღუდული არ არის იმით, რის გაკეთების უფლებას აძლევენ ან უკრძალავენ უკრაინის მოკავშირეები“, – აღნიშნავს გაზეთი.
რაკეტის პროტოტიპები ვარდისფრად შეღებეს, რათა საცდელი ფრენების დროს მათი ამოცნობა გაადვილებულიყო.
წარმოება და დამოუკიდებლობა
„ფლამენგოს“ მწარმოებელი კომპანია Fire Point-ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი, ირინა ტერეხი ასეთი მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობს:
„როდესაც თავში გიმიზნებენ, სტანდარტებზე არ ფიქრობ და მხოლოდ ერთი რამ გაინტერესებს: „ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიდეს“… ჩვენ არ გვაინტერესებდა, ვაკმაყოფილებდით თუ არა ნატო-ს სტანდარტებს. ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა, რომ ახალი იარაღი ფრონტის ხაზზე ეფექტური ყოფილიყო“.
Fire Point-ი, „ფლამინგოს“ გარდა, ასევე აწარმოებს დაბალი წარმადობის დრონებს, როგორიცაა „შაჰედი“ FP1 და FP2, რომლებიც რუსეთზე თავდასხმებისას ხშირად გამოიყენებოდა.
ტერეხი ხაზს უსვამს, რომ დივერსიფიკაციისა და მხოლოდ საკუთარ რესურსებზე დაყრდნობის აუცილებლობის გაცნობიერება ამერიკასა და სხვა პარტნიორებზე დამოკიდებულების დასრულებას ნიშნავს.
„ჩვენ ყველანი უნდა გავიზარდოთ და საკუთარი უსაფრთხოება ჩვენივე ხელით გამოვჭიდოთ“, – დაასკვნის ის.
რა არის ცნობილი „ფლამინგოს“ რაკეტების შესახებ
2025 წლის 17 აგვისტოს უკრაინელი ფოტოჟურნალისტი ეფრემ ლუკაცკი, რომელიც „ასოშიეითიდ პრესთან“ თანამშრომლობს, „ფლამინგოს“ რაკეტების საწარმოს ეწვია და ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „უკრაინული „ფლამინგოს“ რაკეტები, 3000 კილომეტრზე მეტი მოქმედების რადიუსით, უკვე მასობრივ წარმოებაშია.“
18 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა დაადასტურა, რომ უკრაინამ შორი მოქმედების რაკეტა „ფლამინგოს“ წარმოება დაიწყო.
21 აგვისტოს პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ფლამინგოს“ უკრაინული კომპანია Fire Point აწარმოებს და მისი მასობრივი გამოშვება ზამთარში იგეგმება.
26 ოქტომბერს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ფლამინგოს“ რაკეტებზე სახელმწიფო შეკვეთა 2025 წლის ბოლომდე სრულად შესრულდება. გარდა ამისა, „ფლამინგოს“ მწარმოებელი საწარმო დანიაშიც აშენდება.
28 ოქტომბერს ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ „ფლამინგოს“ რაკეტა ბრძოლაში წარმატებით გამოიყენეს. „რუტას“ (Ruta) სისტემასთან ერთად, ახალი რაკეტის მრავალჯერადმა გამოცდამ „ეფექტური შედეგი“ აჩვენა და უკრაინა წელს მათი გამოყენების „სერიოზულად“ გაფართოებას გეგმავს.
Fire Point-ი 2022 წლის შუა პერიოდში დააარსა ინჟინრების, არქიტექტორებისა და დიზაინერების ჯგუფმა, რომლებიც უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად, ეფექტური და მაღალი წარმადობის უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებას ცდილობდნენ.
წყარო: 1 არხი




