ვაშინგტონსა და კიევს შორის უკრაინულ მინერალებზე ხელშეკრულების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია ჩაიშალა. პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში, რომელიც ჟურნალისტების თანდასწრებით მიმდინარეობდა, ორი ქვეყნის ლიდერს შორის ცხარე კამათში გადაიზარდა.
„ან შევთანხმდებით, ან საერთოდ გავალთ [ამ ომიდან]. და თუ გავედით, ბრძოლა მარტო მოგიწევთ… თქვენ პირობებს ვერ გვიკარნახებთ, თუმცა ხელშეკრულებას ხელს თუ მოაწერთ, უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებით… თქვენ მადლიერი არ ჩანხართ, ეს კარგი არ არის. გულწრფელად გეუბნებით, ეს კარგად არ გამოიყურება. საკმარისია“! – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ზელენსკიმ, რომელიც ვაშინგტონში საგანგებოდ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად ჩავიდა, თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე, ნაჩქარევად დატოვა. სოციალურ ქსელ “ექსში” მან მოგვიანებით დაწერა, რომ მადლობელია ამერიკის, ამერიკელი ხალხის, ამერიკის კონგრესისა და პრეზიდენტ ტრამპის. ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება უკრაინულ მინერალებზე მოლაპარაკებული შეთანხმების ბედი, რომელიც პირველი ბარიერი იყო რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზაზე.
“უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ მივიღებთ. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ის არ იმუშავებს… დოკუმენტი საკმარისი არ არის, ძლიერი არმიაა საჭირო”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე.
უკრაინის ზოგიერთ იშვიათ, კრიტიკულად მნიშვნელოვან წიაღისეულზე და მინერალებზე საჯაროდ საუბარი პრეზიდენტმა ტრამპმა ამ წლის 3 თებერვალს დაიწყო. მან განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, მაგრამ სანაცვლოდ უკრაინისგან იშვიათი მინერალების მიღება სურს:
„განვიხილავთ უკრაინასთან შეთანხმებას, რომლითაც ჩვენგან მიცემულს ისინი იშვიათი მინერალებით და სხვა რაღაცეებით დააზღვევენ“.
კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმების იდეა უკრაინის პრეზიდენტს ეკუთვნის. ძვირფასი წიაღისეულის შეერთებულ შტატებთან ერთად ათვისების კონცეფცია ზელენსკიმ თვეების წინ, უკრაინის „გამარჯვების გეგმაში“ შეიტანა – ომის დასრულების სტრატეგიაში, რომელიც უკრაინის ლიდერმა კიევის მოკავშირეებს და მათ შორის ტრამპსაც, გასული წლის შემოდგომაზე გააცნო.
შეერთებული შტატების ფედერალური გეოლოგიური უწყება კრიტიკულს 50 მინერალისგან შემდგარ ჯგუფს უწოდებს. მათ შორისაა იშვიათი მინერალებიც, რომელთა ნაწილი უკრაინას უხვად აქვს.
ჯული მიშელ კლინგერი, დელავერის უნივერსიტეტის პროფესორი მათ მნიშვნელობას განმარტავს: “ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა რომ წარმოიდგინოთ, ეს ბოლო მწკრივია: ელემენტები 57-დან 71-მდე, პლუს სკანდიუმი და უტრიუმი… მათ ელექტრონიკაში და მოწინავე ტექნოლოგიებში ბევრი სხვადასხვა ფორმით იყენებენ… ხშირად, მთელი ამ ინდუსტრიის ვიტამინებს ან სანელებლებსაც კი უწოდებენ, ვინაიდან ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სწორედ მათი საშუალებით მოხდა მეცნიერების ამ მიმართულების დაწინაურება. ამ ელემენტების დამსახურებაა, რომ ტექნოლოგიები დღეს გაცილებით მცირე ზომის, ბევრად სწრაფი, მოქნილი, ძლიერი და გამძლეა”.
ნიკელი, ლითიუმი და სხვა კრიტიკული მინერალები, რომელთა საბადოებიც უკრაინას აქვს, უმნიშვნელოვანესია დასამუხტი ელემენტებისა და სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიების საწარმოებლად, რომლებსაც ფართოდ იყენებენ მობილურ ტელეფონებში, ელექტრომანქანებში, დრონებში, თავდაცვის, კოსმონავტიკის, მედიცინისა და ბევრი სხვა სფეროს მოწინავე ტექნოლოგიებში.
უკრაინას უხვად აქვს ლანთანუმი და ცერიუმი, რომლებიც ეკრანის განათებისთვის გამოიყენება; ასევე – ბირთვული ენერგიის მისაღებად და ლაზერების წარმოებისთვის უმნიშვნელოვანესი, ერბიუმი და უტრიუმი; კიევი ფლობს მსოფლიოში ზომით მეხუთე გრაფიტის მარაგსაც, ის ელექტრომანქანების ბატარეებისა და ბირთვული რეაქტორების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
ჯეიკობ კულიკი – პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი ფიქრობს, რომ “ტრამპს იშვიათი მინერალები იმიტომ სურს, რომ ამერიკის ეკონომიკა ძლიერაა დამოკიდებული მათ ჩინურ წყაროებზე. ეს კი ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ქმნის. არსებობს საფრთხე, რომ ჩინელები ამ საბადოებს უკრაინაშიც დაესაკუთრებიან”.
ევროკავშირმა კრიტიკული მინერალების სიაში სულ 34 მინერალი შეიყვანა. უკრაინას აქედან 22-ის საბადო აქვს, თუმცა ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით, მარაგის დაახლოებით 40% რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
თავიდან, კიევმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული შეთანხმების პირველი ვერსია უარყო და თქვა, რომ მასში უკრაინის ინტერესები დაცული არ იყო. ამას გარდა, ზელენსკიმ მაშინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას განაცხადა, რომ კიევი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ხელს შეთანხმებას არ მოაწერდა:
„ეს [ხელშეკრულება] ჩვენ არ გვიცავს. ის არაა მზად ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად… მოგეხსენებათ, ეს ყოველივე უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირდება და მე ეს კავშირი ამ დოკუმენტში ვერ დავინახე“.
ამ განცხადებიდან დაახლოებით 10 დღეში, ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა შეთანხმება შეძლეს, მაგრამ – არა უსაფრთხოების გარანტიებზე. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 თებერვალს ღიად განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს:
“უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემას [უკრაინისთვის] არ ვაპირებ. ჩვენ ამას ევროპას გავაკეთებინებთ. რადგან, როგორც იცით, ევროპა უშუალოდ მათი [რუსების] კარის მეზობელია”.
ტრამპმა იქვე დასძინა, რომ უკრაინაში ამერიკული კომპანიებისა და იქ დასაქმებული ამერიკელების ყოფნაც უკრაინისთვის გარკვეულ „უსაფრთხოებას ავტომატურად“ უზრუნველყოფს.
ლუკ კოფი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ფიქრობს, რომ უსაფრთხოების სერიოზულ გარანტიებზე საუბარი სამომავლო მოლაპარაკებათა განხილვის თემა იქნება. მისი აზრით, “ნებისმიერი შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოების თაობაზე, უნდა გადაწყდეს მთავარი მოლაპარაკების დროს, რომელიც სავარაუდოდ გაიმართება უკრაინას, რუსეთს, შეერთებული შტატებსა და ევროპელ პარტნიორებს შორის… ბუდაპეშტის მემორანდუმით მიღებული გაკვეთილის შემდეგ, უკრაინელებს უფრო ხელშესახები, კონკრეტული გარანტიები სჭირდებათ. ვფიქრობ, უკრაინელი ხალხი იმსახურებს სიცხადეს უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე, იქნება ეს შეერთებული შტატებისგან თუ ევროპული ქვეყნისგან”.
ამ დღეებში შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა პრეზიდენტ ტრამპთან დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ომის შემდგომი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ლონდონი უკრაინაში მშვიდობისყოფელებს გააგზავნის.
„გარკვევით ვამბობ: გაერთიანებული სამეფო მზადაა შეთანხმების მხარდაჭერა ხმელეთზე ჯარითა და ცაში თვითმფრინავებით უზრუნველყოს. მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ, რადგან მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ ამ გზით მოხდება“, – განაცხადა მან.
რამდენიმე დღით ადრე, უკრაინაში სამშვიდოების გაგზავნის ინიციატივით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა. მან ევროპული სამშვიდობო ძალების შექმნის იდეა წამოაყენა, რათა უკრაინა სამომავლოდ რუსეთის შემდგომი აგრესიისგან დაცული იყოს. საფრანგეთს მხარი მაშინვე დაუჭირა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის – ბრიტანეთმა და გერმანიამ.
კრემლი უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგებას გამორიცხავს. კითხვაზე, რას ფიქრობს უკრაინაში უცხოელ სამშვიდობოთა ჩასვლაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა:
„ვერცერთ ვარიანტს ვერ განვიხილავთ… როცა პრესკონფერენციაზე ეს კითხვა დასვეს, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ სამშვიდობო ძალების განლაგება მხოლოდ ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. როგორც ჩანს, ჩვენ და უკრაინა გვიგულისხმა. ჩვენთვის კი არავის უკითხავს. ჩემი აზრით, ეს მიდგომა, რომელიც ევროპელების მხრიდანაა თავსმოხვეული, უპირველეს ყოვლისა – საფრანგეთის და ბრიტანეთის მიერ, ისევ იქითკენ არის მიმართული, რომ კონფლიქტი გაგრძელდეს“.
ანალიტიკოსები უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ ევროპაში თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე. კალიფორნიის უნივერსიტეტიის პროფესორი სტივენ ფიში ამბობს, რომ უკრაინის დახმარების საქმე ევროპამ უნდა გადაიბაროს:
„როცა საქმე მეზობელ იმპერიალისტურ ძალას – პუტინს ეხება, ევროპამ საკუთარი თავდაცვის წარმოება უნდა ააშენოს. მათ ერთიანი დიპლომატიური ფრონტი უნდა შექმნან, რათა რუსეთის წნეხს გადაურჩნენ. ამასთან ერთად, თავის თავზე მეტი უნდა იღონონ და ჩაანაცვლონ ამერიკული დაფინანსება უკრაინისა და ასევე – საკუთარი თავის მხარდასაჭერად. ასე თუ არ მოიქცევიან, დარტყმას საკუთარ უსაფრთხოებას მიაყენებენ“.
პროფესორ ფიშის აზრით, ევროპის კონტინენტზე რეალობა დრამატულად შეიცვალა და ევროპელ ლიდერებს ახალი ეპოქისთვის თვალის გასწორება და უკეთ მომზადება სჭირდებათ.
„გასაგებია მათი შეხედულება, თითქოს ყველაფერი ამერიკის უსაფრთხოების გარანტიებზეა დამოკიდებული. ევროპელ ლიდერებს ეს შეგრძნება აქვთ, რადგან ბოლო 80 წელია ამ სამყაროში ცხოვრობენ. მაგრამ, ეს ის სამყარო აღარ არის. მათ საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად ახლა თავდაცვის დამოუკიდებელი პოლიტიკა ესაჭიროებათ, უფრო ძლიერი და უფრო დიდი შეიარაღებული ძალებითა თუ თავდაცვის მრეწველობით. და ეს მათ შეერთებული შტატების გარეშე უნდა შეძლონ“, – ამბობს ის.
ამასობაში, შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციებმა 27 თებერვალს მონაწილეობა მოლაპარაკებათა კიდევ ერთ რაუნდში მიიღეს. თურქეთში, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობაში დაგროვილი საკამათო საკითხების დაძლევა სცადეს. ეს სამომავლოდ დაგეგმილი, მთავარი სამშვიდობო მოლაპარაკების მოსამზადებელ სამუშაოთა ერთ-ერთი ნაწილი იყო.
“რამდენად სარწმუნოა ის, რომ [სამშვიდობო შეთანხმება] რეალურად 2025 წელს მოხდება? უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ. მაგრამ ვიტყოდი, რომ ახლა გაცილებით მეტი შანსია მარტო იმიტომ, რომ რუსები სისხლისგან და რესურსებისგან დაცლილები არიან, უკრაინელთა გმირული, სამწლიანი თავდაცვის გამო. ვფიქრობ, პუტინს, ალბათ გამოსავლის მოძებნა, ან ომის სხვა ეტაპზე გადატანა სურს, მოლაპარაკების დაწყება უნდა… მეორეს მხრივ, ტრამპმა ამ შედეგზე ფსონად შიდა პოლიტიკური სანდოობა და საკუთარი ეგო დადო და ვფიქრობ, ეს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მას შედეგის მიღწევა სჭირდება და თან – სწრაფად”, – ამბობს სამირ პური – კვლევების დირექტორი „ჩატამ ჰაუსში“.
შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ, მთელ ამ დიპლომატიურ მცდელობათა ფონზე, რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა არ შეუწყვეტია. მოსკოვი რაკეტებითა და დრონებით განუწყვეტლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს და სოფლებს ომში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური და ყველაზე მსხვერპლიანია.
