რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ის რუსულენოვანი დირექციის ყოფილი ხელმძღვანელი ანტონ კრასოვსკი კლინიკაში მოხვდა. უკრაინული გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა” სადაზვერვო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ის მოწამლეს. თუმცა წყარო არ აზუსტებს კონკრეტულ გარემოებებს.
„ცუდი ადამიანი ცუდ რაღაცებს შვრებოდა და აი, შობას ცუდად გახდა“, – ეუბნება თანამოსაუბრე “უკრაინსკაია პრავდას”.
რუსული მედია წერს, რომ ჟურნალისტმა ანტონ კრასოვსკიმ გონება დაკარგა და საავადმყოფოში იმყოფება.
„ხალხი კითხულობდა ცოცხალი ვარ თუ არა და ყველაფერი წესრიგშია თუ არა? რა გითხრათ, კვირის დასაწყისში უცაბედად მუცელი ამტკივდა, დამეწყო გულისრევა, შემდეგ გონება დავკარგე და წამიყვანეს კლინიკაში“, – დაწერა კრასოვსკიმ ტელეგრამ-არხზე.
კრემლის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტო ტასსი წერს, რომ კრასოვსკის მდგომარეობა უმჯობესდება, მისი ცუდად ყოფნის მიზეზებზე კი არაფერს ამბობს.
ანტონ კრასოვსკი რუსი ჟურნალისტია, რომელმაც სახელი გაითქვა არხ НТВ-ზე მუშაობისას. იგი არის უკრაინაში ომის მხარდამჭერი, არაერთხელ გამოსულა უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ მოწოდებებით .
გასული წლის ოქტომბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ტვიტერზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი გადაცემიდან, რომელშიც კრასოვსკი მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბარში, მათ შორის გამოდიოდა წინადადებით, დაახრჩონ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამასთან, ნაწყვეტში ჩანდა, რომ კრასოვსკი ასევე გამოდიოდა წინადადებით ასეთი ბავშვების ცოცხლად დაწვაზე და განცხადებით, რომ უკრაინა “საერთოდ არ უნდა არსებობდეს”.
უკრაინელ ბავშვებზე გაკეთებული განცხადების გამო 2022 წლის ოქტომბერში კრასოვსკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან თავის სიტყვებზე ბოდიში მოიხადა, თუმცა არ შეუცვლია თავისი ანტიუკრაინული რიტორიკა.
კრასოვსკის უკრაინის სასამართლომ 5 წლით თავსუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, უკრაინის ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდების გამო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ RT-ის მაუწყებლობა აიკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში და კანადაში. არხის განყოფილებამ მუშაობა შეწყვიტა შეერთებულ შტატებში.