რუსებმა ხერსონში ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყეს, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, რუსებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ბავშვთა საავადმყოფოს, სადაც ამ დროს მცირეწლოვანი პაციენტები, მათი მშობლები და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი და სამი სამედიცინო მუშაკი. დაშავებულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.
„სამოქალაქო სამიზნეების, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის დაწესებულებების დაბომბვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.




