ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა თირკმლის უკმარისობის გამო გაუარესდა, – იტყობინება გამოცემა „უკრინფორმი“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ГУР) დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, ГУР-ის წყაროების ცნობით, კადიროვი ამჟამად ჩეჩნეთში, საკუთარ საავადმყოფოში იმყოფება. კადიროვთან გროზნოში არიან ჩასული მისი კლანის (ტეიპის) წევრები როგორც ჩეჩნეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.
კადიროვის მძიმე ავადმყოფობის (თირკმლის უკმარისობა) შესახებ ასევე დაწერა გამოცემა “რბკ – უკრაინამ”.
“ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დაჩქარდა და გაძლიერდა მისი მემკვიდრის ძებნის პროცესი”, – იტყობინება Ukrinform.
კანდიდატებს შორის არიან რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მაგომედ დაუდოვი, სპეცრაზმ „ახმატის” მეთაური აპტი ალაუდინოვი და რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 20 წლის ახმატ კადიროვი.
ახმატ კადიროვი ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა. მანამდე ის რესპუბლიკის სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
რუსეთის უსაფრთხოების (ФСБ) მოქმედმა ოფიცერმა გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ განუცხადა, რომ აფტი ალაუდინოვს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კადიროვის შემცვლელად განიხილავენ. თავად კადიროვი ჩეჩნეთის მომავალ მმართველად თავის 18 წლის ვაჟს, ადამს კადიროვს განიხილავს. ФСБ-ს კი, „ვაჟნიე ისტორიის“ ცნობით, ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი ჰყავს: კადიროვის ნათესავი და თანამებრძოლი ადამ დელიმხანოვი.
2025 წლის 25 დეკემბრის ღამეს, მოსკოვში ვლადიმირ პუტინის თავმჯდომარეობით გამართული სახელმწიფო საბჭოს სხდომის წინ, რამზან კადიროვი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, – განუცხადა წყარომ „ნოვაია გაზეტა ევროპას“. გაზეთის წყაროს ცნობით, „ექიმებმა კადიროვი ძლივს მოასულიერეს, რის შემდეგაც ის შინ დაბრუნდა და მას შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა“.
როგორც „ნოვაია გაზეტა. ევროპა“ აღნიშნავს, ჩეჩნეთის მეთაური 2025 წლის დასაწყისშიც მოხვდა გროზნოში მდებარე კლინიკა „აიმედში“, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. თავად კადიროვი ჯანმრთელობის პერიოდულ პრობლემებს უკრაინაში მყოფი ჩეჩენი მებრძოლების გამო განცდებს მიაწერდა.
რამზან კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ 2025 წლის დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, მისმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რამზან კადიროვი, ხელჯოხით ხელში, სკოლის გახსნაზე გამოჩნდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ვიდეო ჩეჩენი ლიდერის ავადმყოფობის შესახებ „ჭორების“ გასაბათილებლად გამოქქვეყნდა. თავად კადიროვი აცხადებს, რომ ჯანმრთელია და ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას „სატანისტებისა და ნეონაცისტების ჭორებად“ მიიჩნევს.
„ნოვაია გაზეტა ევროპა“ იტყობინება, რომ 2019 წლის იანვარში რამზან კადიროვს დაუსვეს პანკრეასის ნეკროზის დიაგნოზი, რაც, მედიკოსთა შეფასებით, ჩეჩნეთის მმართველს სრული გამოჯანმრთელების შანსს არ უტოვებს.
ფორუმი




