უკრაინის მოქალაქეებს, ყოფილ პატიმრებს საქართველოში კვლავ არ უშვებენ. 16 კაცი საზღვარზეა ჩარჩენილი. ინფორმაციას მედია “ტელეგრამ” არხ Paper Kartuli-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც, თავის მხრივ მოხალისეების ორგანიზაცია Volunteers Tbilisi-სს ესაუბრა.
მოხალისეები ამბობენ, რომ კაცები საზღვარზე 3-დან 18 დღემდე რჩებიან.
“იქ რამდენიმე ადამიანი ყირიმელია, ანექსიამდე დააპატიმრეს და ხერსონში გადაიყვანეს. მათ ხელთ აქვთ დოკუმენტები: გათავისუფლებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები”, – აცხადებენ მოხალისეები.
მოხალისეებს ცნობით, ყოფილი პატიმრები საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან. მათი ნაწილი ღამეს სარდაფში ათევს, სადაც გათბობაც არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა უკვე შეექმნა, მათ შორის თირკმლის პრობლემები.
მოხალისეების ინფორმაციით, ყოფილი პატიმრების შესახებ ინფორმირებულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში.
მოხალისეების თქმით, ორგანიზაციის პარტნიორები უკრაინელებს იურიდიულ დახმარებას უწევენ. მათ სამჯერ მიაწოდეს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებს. მათივე თქმით, მამაკაცებს ესაჭიროებათ საკვები, წყალი, მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის მოქალაქეებს, ყოფილ პატიმრებს, საქართველოში არ უშვებენ. აგვისტოში ამ მდგომარეობაში რუსეთიდან დეპორტირებული ექვსი კაცი აღმოჩნდა. ისინი საქართველოში 11 დღის შემდეგ შეუშვეს. ოქტომბერში შვიდი კაცი 14 დღის განმავლობაში ნეიტრალურ ზონაში იყო ჩარჩენილი.
„მედიაზონა“ აგვისტოში წერდა, რომ ხერსონელ მსჯავრდებულებს რუსეთიდან სხვა ქვეყნებში, ყველაზე ხშირად საქართველოში ადეპორტებენ.
საქართველოს ხელისუფლებას საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.