აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ უკრაინის იშვიათი წიაღისეულის ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება,ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ არის.
„არ ვიცი, რას ფიქრობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ორშაბათს გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ხუთშაბათს – ფანტასტიკური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან. ყველამ მხარი დაუჭირა სამშვიდობო შეთანხმების წინსვლას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა CBS-თან ინტერვიუში.
ბესენტის თქმით, ზელენსკის ხელი უნდა მოეწერა ეკონომიკურ შეთანხმებაზე, რომელსაც შეეძლო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ეს არ მოხდა.
„ზელენსკი მხოლოდ უნდა შემოსულიყო და ხელი მოეწერა ამ ეკონომიკური შეთანხმებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებდა უკრაინელ და ამერიკელ ხალხს შორის სრულ ერთიანობას. მაგრამ მან გადაწყვიტა ამ ყველაფრის ჩაშლა”, – აღნიშნა ბესენტმა.
კითხვაზე, გრძელდება თუ არა შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ბესენტმა უპასუხა „ჯერ არა”.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წიაღისეულის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად არის.
www.interpressnews.ge
