„ბახმუტის მიმართულებით „კრიტიკულად არ გვყოფნის ადამიანები“, ეს პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბრძოლო მასალის ნაკლებობა“. – ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ეთერში განაცხადა მე-5 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მეთაურის მოადგილემ ალექსეი ტარასენკომ.
„ეს უბრალოდ ხალხის ნაკლებობა კი არა , კრიტიკული უკმარისობაა. ქვედანაყოფებში მოსული უმნიშვნელო შევსება უკიდურესად უხარისხოა, როგორც მომზადების დონის, ასევე ასაკის მიხედვით. მოიერიშე ქვეითებში მოსული ადამიანების საშუალო ასაკი 50 წელია. ხალხის აშკარა ნაკლებობა – ესაა უკრაინის შეიარაღებულ ძალების პირველი პრობლემაა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, ვიდრე საბრძოლო მასალის ნაკლებობა“, – თქვა ალექსეი ტარასენკომ, რომლის თქმითაც, ფრონტზე ელოდებიან დამატებით მობილიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცებისას.
„ჯარში მიაჩნიათ, რომ გასაკეთებელია სერიოზული, არსებითი მობილიზაცია. ოღონდ არა 50-55 წლის ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მამაკაცებისა, არამედ ახალგაზრდებისა, რომლებიც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებას, რომელიც შეძლებს საიმედოდ დაიცვას პოზიციები და შეასრულოს შეტევითი ამოცანები გარკვეულ ადგილებში“, – აღნიშნა ტარასენკომ. .
ცოტა ხნით ადრე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინას სურს 2024 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიოს საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცები.
19 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში გამართულ სხდომაზე განაცხადეს, რომ საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების შევსება ნახევარ მილიონამდე ადამიანით.