უკრაინის უმსხვილეს მობილურ ოპერატორზე ჰაკერული თავდასხმა რუსეთიდან განხორციელდა

უკრაინის უმსხვილესი მობილური ოპერატორის, „კიევსტარის“ წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო ერთ-ერთმა რუსულმა „ფსევდოჰაკერულმა დაჯგუფებამ“. ამის შესახებ დღეს, 13 დეკემბერს იუწყება უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. მისი ინფორმაციით, რეალურად ეს დაჯგუფება წარმოადგენს ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჰაკერულ ქვედანაყოფს.
„კიევსტარზე“, რომელიც 24 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კიბერშეტევა 12 დეკემბერს, დილით მოხდა. კომპანიის აბონენტები მობილური სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის გარეშე დარჩნენ. ჰაკერული თავდასხმის შედეგად პარალიზებული ქსელის აღდგენა მეორე დღეა მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან კომპანიის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტები.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „კიევსტარის“ ციფრულ ინფრასტრუქტურას კრიტიკული ზიანი მიადგა, ამიტომ უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით ყველა მომსახურების აღდგენას დრო სჭირდება.
„კიევსტარზე“ ჰაკერული თავდასხმის გამო საქმე 12 დეკემბერს აღიძრა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 8 მუხლით. მათ შორისაა დივერსია, უკრაინის ტერიტორიის ხელყოფა და აგრესიული ომის დაგეგმვა და წარმოება.

ასევე დაგაინტერესებთ