სულ მცირე, 30-მდე ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევისას, რომლის მთავარი სამიზნე დედაქალაქი კიევი იყო. მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ პოლტავის ოლქშიც.
რუსეთის ჯარებმა 3 ივლისის ღამიდან დაიწყეს ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, გამთენიისას კი – რაკეტებითაც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 4 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 539 დამრტყმელი დრონით, 1 აერობალსიტიკური, 6 ბალისტიკური და 4 ფრთოსანი რაკეტით. საჰაერო ძალების თანახმად, დარტყმის მთავარი მიმართულება იყო დედაქალაქი კიევი.
საჰაერო ძალების მონაცემებით, მოგერიებულია 476 დრონი და 2 ფრთოსანი რაკეტა. სარდლობა ადასტურებს 8 ადგილზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით დარტყმას, 33 ადგილზე კი ნამსხვრევების ჩამოცვენას.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში დაშავდა 23 ადამიანი. მათგან 14 ჰოსპიტალიზებულია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევში დაზიანებულია სახლები და საგანმანათლებლო, სამედიცინო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
კლიჩკოს ინფორმაციით, რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხუთი ავტომანქანა. პერსონალი არ დაშავებულა. კიევში დაზიანებულია სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც. მატარებლების მიმოსვლა ნაწილობრივ შეჩერდა.
რუსული დრონებითა და რაკეტებით შეტევის გამო 4 ივლისის დილამდე გაგრძელდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.
რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად სახლები დაზიანდა კიევის ოლქშიც, ბუჩის და ფასტოვის რაიონებში.
დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად სახლები დაზიანებულია დნეპროპეტროვსკის და პოლტავის ოლქებშიც.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლტავის ოლქში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ფორუმი
