რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას, 18 თებერვლის საღამოდან, „შაჰედის“ და სხვა ტიპის 176 დრონით შეუტიეს, 170-მა სამიზნეებს ვერ მიაღწია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„9:00 საათისთვის, დადასტურდა „შაჰედის“ და სხვა ტიპის 103 დრონის ჩამოგდება ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ვინიცის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის ტერიტორიებზე“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, 67 დრონი ლოკალურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიროვოგრადის, ხარკოვის, კიევისა და ჩერკასის ოლქები.
რუსულმა ძალებმა დრონები გაუშვეს რუსეთის ქალაქებიდან: ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, მილეროვოდან, შატალოვოდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.
