რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 145 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა 85 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 49 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხმელნიცკის, პოლტავისა და მიკოლაივის ოლქები დაზარალდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქვეყნის დედაქალაქ კიევს 30 დრონით შეუტიეს, რომელთაგან 16 თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, ხოლო დანარჩენი ლოკაციურად დაიკარგა. თავდასხმის შედეგად კიევში 2 ადამიანი დაშავდა.
ასევე, ქალაქ მიკოლაივში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა, რის შედეგადაც, 10 ადამიანი დაშავდა.
