უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტიუკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გთავაზობთ მიტროპოლიტი ეპიფანეს სრულ განცხადებას:
“დღეს ჩემს გულში, როგორც მრავალი უკრაინელის გულში, არის ღრმა მწუხარება და სევდა, რადგან დღეს დასრულდა მისი უწმინდესობის, პატრიარქ ფილარეტის მიწიერი გზა.
მოვუწოდებ სრულიად უკრაინის სამწყსოს, აღავლინონ გულწრფელი ლოცვები ახლად განსვენებული პატრიარქ ფილარეტის მოსახსენებლად, რომელმაც დღეს უფალს მიაბარა სული. შევევედროთ უზენაესს, რომ მიიღოს ის თავის ზეციურ სასუფეველში. გულითადი სამძიმარი განსვენებული მღვდელმთავრის ახლობლებს!
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება პატრიარქ ფილარეტის შეგონებები უკრაინის ეკლესიის ერთობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ კიევის საყდრის ირგვლივ. გვემახსოვრება და შევასრულებთ ასევე მის გაკვეთილებსა და დარიგებებს ერთიანობის მნიშვნელობაზე, ღვთის ნების წინაშე სიმდაბლისა და ეკლესიის სრული ნების მიღების შესახებ, ღმერთისადმი, ქრისტეს ეკლესიისადმი და უკრაინელი ერისადმი ერთგული მსახურების შესახებ.
პატრიარქ ფილარეტის გული შეჩერდა 98-ე წელს. მაგრამ ლოცვა და მისი ხსოვნა ადგილობრივ ავტოკეფალურ უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიაში სამუდამოდ დარჩება. იყოს ნათელი და მარადიული ხსოვნა ახლად განსვენებული პატრიარქისა და დაე, მისი სული ხარობდეს ზეცაში იმ ნაყოფით, რომელიც მისმა კეთილმა შრომამ აქ, მიწაზე, მოიტანა და კვლავ მოიტანს!
ცათა სასუფეველი, მარადიული ხსოვნა და მარადიული განსვენება პატრიარქ ფილარეტს!”