უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ქართული ოცნების ახალ წინასაარჩევნო რეკლამას, სადაც უკრაინის ომის კადრები და განადგურებული ინფრასტრუქტურაა გამოყენებული, გვერდით კი – “მშვიდობის” მაგალითად თბილისის კადრებია, გარემონტებული შენობებით.
უკრაინის საგარეო ამას მორიგ “არამეგობრულ ქმედებას” უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნება საკუთარი პიარის მიზნით აგრძელებს ვიდეოების გამოქვეყნებას, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის საშინელი შედეგებია ასახული.
“ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ ზიზღს გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს”, – ამბობენ საგარეოში.
მათივე თქმით, “სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ ემორჩილება საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად თანდაყოლილია ქართველი ერისთვის და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს”.
“ვურჩევთ საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ ტექნოლოგებს, იყვნენ გულახდილები საკუთარ ხალხთან და თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და NATO-ს დახურული კარები. ეს რეალობას შეესაბამება, რადგან ამჟამინდელმა საქართველოს მთავრობამ ქვეყანას არა ომი, არამედ ევროპული მომავალი წაართვა”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
