უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ 31 ივლისს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც დამოუკიდებლობა უნდა დაუბრუნოს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურას.
გამოცემა „უკრაინსკა პრადას“ ცნობით, დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა 331 დეპუტატმა, წინააღმდეგ არავინ ყოფილა და თავიც არავის შეუკავებია. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 9 დეპუტატი.
დაახლოებით ერთი კვირით ადრე, 22 ივლისს ვერხოვნა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციულ პროკურატურის დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონპროექტი, რომლის თანახმად, ეს ანტიკორუფციული ორგანოები ფაქტობრივად, გენერალურ პროკურორზე დამოკიდებული გახდნენ.
საკანონმდებლო ცვლილებების გამო უკრაინაში დაწყებული საპროტესტო აქციების მიუხედავად კანონპროექტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ახალი კანონი გააკრიტიკა ევროკავშირმაც.
რამდენიმე დღეში ზელენსკი იძულებული გახდა პარლამენტისთვის წარედგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც, მისი განცხადებით, ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ყველა ნორმას შეინარჩუნებდა. ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის კანონპროექტი ყველა უფლებამოსილების და დამოუკიდებლობის აღდგენის გარანტიაა.
ახალი კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც კანონპროექტს ხელს მოაწერს პრეზიდენტი ზელენსკი.
ფორუმი
