კიევში რუსების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო ავრცელებს.
„კიევში საჰაერო განგაში უკვე 10 საათია გრძელდება. რუსები ჩვენი დედაქალაქისა და მიმდებარე რეგიონების მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებენ. ეს დარტყმები მიზანმიმართულად ხორციელდება საცხოვრებელ შენობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა სადღესასწაულო უქმე დღეებში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა გაიზარდოს“, – წერს სვირიდენკო X-ზე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად კიევის ნაწილს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა.
„კიევში, დაახლოებით 600 000 მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, – აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.




