უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის შემდეგ პარლამენტს, ვერხოვნა რადას წარუდგინა მიმართვა თანამდებობებიდან იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრების, გერმან გალუშჩენკოს და სვეტლანა გრინჩუკის გათავისუფლების შესახებ.
გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში გამოვლენილ მასშტაბურ კორუფციას.
გალუშჩენკო, რომელიც იუსტიციის მინისტრად 2025 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე ენერგეტიკის მინისტრი იყო და ის ამ თანამდებობაზე გრინჩუკმა შეცვალა.
12 ნოემბერს, დილით პრემიერმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გერმან გალუშჩენკო იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ჩამოაშორეს.
საღამოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრები თანამდებობებზე ვერ დარჩებიან, ამიტომ პრემიერ-მინისტრს მიმართა, უზრუნველყოს, რომ ამ მინისტრებმა დაწერონ განცხადებები გადადგომის შესახებ, პარლამენტს კი სთხოვა, საკადრო გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს.
წინასწარი ინფორმაციით, ვერხოვნა რადაში კენჭისყრა 18 ნოემბერს ჩატარდება.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.
გამოძიების თანახმად, „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისთვის თავსმოხვეული პირობებით, მათ უნდა გადაეხადათ ე.წ. ოტკატი, რათა თავიდან აეცილებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაბლოკვა და არ დაეკარგათ მიმწოდებლის სტატუსი. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის შიგნით ამ პრაქტიკას „შლაგბაუმი“ ეწოდა.
გამოძიების თანახმად, ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, რომელსაც გავლენა ჰქონდა ენერგეტიკის მინისტრ გალუშჩენკოზე. მინდიჩს უკრაინული მედია პრეზიდენტ ზელენსკის მეგობრად მოიხსენიებს.
ტიმურ მინდიჩი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა მინდიჩმა უკრაინა დატოვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სქემის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე.
კორუფციის ბრალდებით რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია და გამოძიება გრძელდება.
უკრაინაში არსებული კორუფციაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც კიევისგან წლებია მოითხოვენ დასავლელი პარტნიორები. მოთხოვნის შესრულება კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.
2025 წლის ზაფხულში უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციულ პროკურატურის დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონის მიღებას. ამის გამო უკრაინაში საპროტესტო გამოსვლებიც დაიწყო. ხელისუფლება იძულებული გახდა ახალი კანონი გაეუქმებინა.
ფორუმი




