უკრაინის პრეზიდენტი სენატორებს შეხვდა. სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, შეხვედრაზე ზელენსკიმ კანონმდებლებს ნათლად დაანახა, თუ რამდენად სჭირდება დახმარება კიევს. უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რესპუბლიკელ მაიკ ჯონსონსაც შეხვდა. ამერიკელი კანონმდებლების შემდეგ, ზელენსკის ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უმასპინძლა.
“საქმე მხოლოდ ჩვენს სიტყვებსა ან აზრებში არ არის. საკითხავია, რისთვის ვართ მზად და რისთვის – არა. როგორ შეუძლია უკრაინას, უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობს, ჩვენი ოჯახები ცხოვრობენ, იქ ბავშვები არიან. ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ ადამიანებზე, მათ ჩაგრავენ, აუპატიურებენ, კლავენ. საქმე მხოლოდ მიწაში არ არის, საქმე ცოცხალ ადამიანებში, მათ ბედში, მათ ისტორიებშია. საქმე ამ ოჯახებში, მათი შვილებშია. მივცეთ ბავშვები? არ ვიცი, ვინ ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს მათთან: მზად არიან თავიანთი შვილები ტერორისტებს გადასცენ? მგონი, არა”, – აცხადებს ზელენსკი.
შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა. უკრაინა ახალ სამხედრო დახმარებას შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მიიღებს. პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ კონგრესმა უკრაინის დამატებით დაფინანსებას კენჭი სადღესასწაულო არდადეგებამდე უნდა უყაროს, რადგან თუ ეს არ მოხდება, მაშინ ეს პუტინისთვის საშობაო საჩუქარი იქნება.
“გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, განსაზღვრავს მომავალს ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით ევროპაში. კონგრესმა უნდა უყაროს კენჭი უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ დოკუმენტს სადღესასწაულო არდადეგებამდე, ვიდრე ისინი პუტინს ყველაზე დიდებულ საშობაო საჩუქარს გადასცემენ, რაც კი შეუძლიათ, რომ მისცენ. პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ვერ დაეხმარება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ცდება. ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ამას შევძლებთ”, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.