უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი და პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ. ამის შესახებ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერს სააგენტო „როიტერსი“. ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
3 ივნისს, დილით სააგენტო „ინტერფაქს უკრაინა“ ავიამიმოსვლის მონიტორინგის რესურსებზე(AirNav დ FlightAware) დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი Airbus A319 UR-ABA ირლანდიის შენონის აეროპორტიდან აფრინდა და გეზი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღო.
მოგვიანებით თვითმფრინავი აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის თავზე დააფიქსირეს.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოცემა „რბკ-უკრაინამ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ერმაკი მიემგზავრება.
· უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი აქტიურად არის ჩართული უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში.
· უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 2025 წლის აპრილის ბოლოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.
· 2 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.
· უკრაინის უმთავრესი მოთხოვნა ისევ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იყო, რაზეც რუსეთმა კვლავ უარი თქვა.
· მოსკოვის დელეგაციამ სტამბოლში წარადგინა მოთხოვნების ამსახველი მემორანდუმი. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან.
· უკრაინის ეს ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.
