უკრაინის პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, ელენა შულიაკი აცხადებს, რომ ამჟამინდელი დაფინანსებით, წელიწადში 4 მილიარდი გრივნით, დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სრული კომპენსაციისთვის 1 575 წელი დასჭირდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ეს ჰგავს ჩაის კოვზით ტბის ავსებას. უდავოდ კარგია, რომ მთავრობამ საბოლოოდ იპოვა გზა აღდგენის დასაფინანსებლად 2025 წელს. მაგრამ დამეთანხმებით: დაფინანსების ეს მაჩვენებელი არ არის გამოსავალი სიტუაციის კომპენსაციის გადახდით მოსაგვარებლად“, – წერს შულიაკი სოციალურ ქსელში.
მისი განმარტებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს 4 მილიარდი გრივნის გამოყოფას еВідновлення-ის პროგრამის განსახორციელებლად, რაც პროგრამის რეალურ საჭიროებებზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. შულიაკის ინფორმაციით, თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება: 3 მილიარდი – საბინაო მოწმობებისთვის მათთვის, ვინც სახლები დაკარგა და 1 მილიარდი – დაზიანებული ქონების კომპენსაციისთვის.
„რაც შეეხება ზარალის რეალურ სურათს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე უკრაინისთვის მიყენებული პირდაპირი ზარალის რაოდენობამ 152 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მოიცავს არა მხოლოდ საბინაო ფონდს, არამედ 2024 წლის გათვალისწინების გარეშეც კი, პირდაპირი ზარალის აღდგენის აუცილებლობას და მიმდინარე კურსით დაახლოებით 6,3 ტრილიონ გრივნადაა შეფასებული“, – აღნიშნა პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ.