უკრაინაში კიდევ 90 დღით, 2025 წლის 6 აგვისტომდე გაგრძელდება საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. დღეს მოქმედი ვადა მაისში იწურება.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს, ვერხოვნა რადას 15 აპრილს გაუგზავნა. პარლამენტში დღეს, 16 აპრილს გამართული კენჭისყრისას საომარი მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭირა 357-მა დეპუტატმა. ერთი წინააღმდეგი იყო. პარლამენტმა 346 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გაგრძელებაც.
კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული სოლიდარობა“ ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. გონჩარენკომ მთავარ მიზეზად ის დაასახელა, რომ უკვე გაწვეულთა დემობილიზაცია დღემდე არ მომხდარა და ხელისუფლებას არც სამხედრო სამსახურის ვადა განუსაზღვრავს.
უკრაინის პარლამენტმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკვე მეთხუთმეტედ უყარა კენჭი საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელებას.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელიც თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიები მიღება.
