უკრაინის ომზე “ოცნების” რეკლამის გაშვებაზე უარის გამო 3 არხი 5000-5000 ლარით დაჯარიმდა – Netgazeti • tv პირველი • მთავარი არხი • პარტია ქართული ოცნება • ფორმულა • Netgazeti.ge

“მთავარი არხი”, “ფორმულა” და “TV პირველი” საქალაქო სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
ეს გადაწყვეტილება სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მიიღო. თავის მხრივ, კომისიამ ოქმი “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე შეადგინა, რომელიც მაუწყებლებს მისი საარჩევნო კლიპის ეთერში გაშვებაზე უარის თქმას ედავება.
საუბარია მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლსა და სააგიტაციო ბანერებზე, რომლებშიც ში მიმდინარე ომის საარჩევნოდ მხარდაჭერის მოპოვების ინსტრუმენტადაა გამოყენებული. “ქართულმა ოცნებამ” ტელევიზიებს მიმართა, აღნიშნული ვიდეორგოლი, როგორც უფასო წინასაარჩევნო რეკლამა, ეთერში გაეშვათ. “მთავარმა არხმა”, “ფორმულამ” და “TV პირველმა” ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე უარი თქვეს.
ტელევიზიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ არ აპირებენ ხელი შეუწყონ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ტელევიზიების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.
ტელევიზიებისგან უარის მიღების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” მათ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა კომუნიკაციების კომისიაში. ტელევიზიები ასაბუთებდნენ, რომ აღნიშნული “რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას”. კომისიამ არ გაიზიარა მათი არგუმენტაცია პროპაგანდისა და შუღლის გაღვივების ნაწილში. რაც შეეხება არაეთიკურობას, კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ “აღნიშნული არ წარმოადგენს მაუწყებლის შეფასების საგანს”.
აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების” საჩივარი და “მთავარ არხს”, “ტელეკომპანია პირველს” და “ფორმულას” ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საკითხს გამოეხმაურნენ პროსახელისუფლებო ტელევიზიები – “იმედი” და “POSTV”. მათ გაავრცელეს განცხადება, სადაც ამბობენ, რომ აღარ გაუშვებენ ოპოზიციური არხების საარჩევნო რეკლამებს იქამდე, სანამ აღნიშნული ტელევიზიები არ გაუსვებენ “ქართული ოცნების” ვიდეორგოლებს.
კომისიას აქამდეც არაერთხელ დაუდგენია დარღვევა ამ ტელევიზიებისთვის. მიზეზი აქამდეც “ქართული ოცნების” საჩივრები იყო. მმართველი პარტია ტელევიზიებს ედავებოდა როგორც საკუთარი რეკლამის არგაშვებას, ისე ოპოზიციური პარტიების რეკლამის გაშვებას.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, სადაც “ქართული ოცნება” ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, ს თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის ვიდეორგოლი.
პროპაგანდისტულ ბანერებსა და ვიდეორგოლს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათ “კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული” და სამარცხვინო უწოდა. საკითხს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
“ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი საქართველოში მშვიდობის ფასიც არის”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისინი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უკრაინაში მიმდინარე ომის თემის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

ასევე დაგაინტერესებთ