უკრაინის არმიის მხრიდან კურსკის რეგიონში დატყვევებულ, სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ სამხედროს აღმოაჩნდა რუსეთის სამხედრო ბილეთი, რომელიც გაცემულია რუსეთის ტუვის რესპუბლიკის რეალური მცხოვრების სახელზე. ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, საინფორმაციო სააგენტო “აგენტსტვო. ნოვოსტიზე” დაყრდნობით.
მანამდე სამხედრო ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ბილეთი გაცემულია ტუვის მკვიდრის, ანტონინ არანჩინის სახელზე, რომელიც 1998 წლის ოქტომბერშია დაბადებული. დოკუმენტში მითითებულია მისი დაბადების ადგილი და პროფესია (თერძი). “აგენტსტვომ” მონაცემთა გაჟონილ ბაზებში მიაგნო ტუვის მკვიდრს იდენტური სახელით, გვარით, მამის სახელით და დაბადების ადგილით – რუსეთში ამგვარი მონაცემების მქონე მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. სამხედრო ბილეთის და პასპორტის მონაცემებში მხოლოდ დაბადების ადგილია განსხვავებული. იუწყებიან, რომ რეალურ არანჩინს რამდენჯერმე აქვს განცხადი გაკეთებული მიკროსესხების მისაღებად და მითითებული აქვს, რომ მუშაობდა სატყეო მეურნეობაში, ან დაცვაში.
როგორც იუწყებიან, ჩრდილოეთ კორეის მეორე დატყვევებულ სამხედროს დოკუმენტები თან არ აღმოაჩნდა.
რუსეთის მედიაში მანამდეც იყო ცნობები, რომ რუსეთი, ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა ომში მონაწილეობის დამალვის მიზნით, სავარაუდოდ მათთვის გასცემს ყალბ მოწმობებს, რომლებიც მონღოლეთის მოსაზღვრე ტუვის რესპუბლიკის მცხოვრებთა სახელებზეა გამოწერილი. ამგვარი დოკუმენტების ფოტოებიც ქვეყნდებოდა, თუმცა ახლა პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინის არმიამ ასეთი მოწმობის მფლობელი დაატყვევა.
სამხრეთმა კორეამ დაადასტურა, რომ უკრაინამ დაატყვევა ჩრდილოეთი კორეის ორი სამხედრო. ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი უშიშროების აგენტები დაკითხვას უტარებდნენ რუსეთის კურსკის რეგიონში დატყვევებულ ორ მებრძოლს.
“უკრაინის დაზვერვის სააგენტოსთან რეალურ დროში თანამშრომლობით … [სამხრეთ კორეის დაზვერვის ეროვნულმა სამსახურმა] დაადასტურა, რომ უკრაინის არმიამ 9 იანვარს ტყვედ აიყვანა ჩრდილოეთ კორეის ორი ჯარისკაცი, რუსეთში, კურსკის საბრძოლო ველზე” – ამბობს სეული გავრცელებულ განცხადებაში.
ამ მოვლენების ფონია უკრაინის მხრიდან შეტევების განახლება კურსკის რეგიონში, იმ მიზნით, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება. უკრაინამ სწრაფი შეტევით კურსკის რეგიონის არეალები პირველად 2024 წლის აგვისტოში დაიკავა – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური შეჭრა იყო.
ჩრდილოეთმა კორეამ გასული წლის შემოდგომაზე გაგზავნა 11 000-მდე სამხედრო კურსკის რეგიონში, რუსეთის ძალების მხარდასაჭერად. მოსკოვმა კონტროლი დაიბრუნა ტერიტორიის 40 პროცენტზე, მაგრამ უკრაინის ძალები კვლავ აკონტროლებენ კურსკის რეგიონის 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტს. ვრცელდება ცნობები, რომ ფხენიანის ძალები ადგილზე მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.
ფორუმი