უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მუკაჩევოს რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სერჰიი ჰაიდაის გათავისუფლების შესახებ განკარგულების პროექტი გაუგზავნოს.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრი, იულია სვირიდენკო საკუთარ Telegram-არხზე წერს.
სვირიდენკოს ცნობით, 2 აგვისტოს ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ საგანგებო სხდომა მოაწყო.
“მთავრობამ გადაწყვიტა, პრეზიდენტს გაუგზავნოს განკარგულების პროექტი მუკაჩევოს რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სერჰიი ჰაიდაის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”. – წერს სვირიდენკო.
ცნობისთვის, უკრაინის მთავრობამ გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (САП) გამოძიების ფონზე მიიღო, რომელშიც კორუფციაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.
2 აგვისტოს НАБУ-მ და САП-მა განაცხადეს, რომ დრონებისა და რადიოელექტრონული ომის საშუალებების შესყიდვებთან დაკავშირებული მასშტაბური კორუფცია გამოავლინეს, კერძოდ, კონტრაქტი განზრახ გაზრდილი ფასებით იდებოდა, რომელთა ნაწილიც დანაშაულის მონაწილეებს რჩებოდათ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელების მოხსენების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ კორუფციაში ამხილეს სახალხო დეპუტატი, რაიონული და საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და ეროვნული გვარდიის სამხედროები.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაში ფიგურირებს სახალხო დეპუტატი, ალექსეი კუზნეცოვი, რომელსაც ფრაქციამ, ხალხის მსახურმა გამოძიების განმავლობაში წევრობა შეუჩერა.
გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ საქმეში ლუგანსკის ოლქის სამხედრო სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და მუკაჩევოს რაიონული ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სერჰიი ჰაიდაიც ფიგურირებს.