უკრაინის მთავრობამ დღეს, 18 აპრილს თავის საიტზე გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი მემორანდუმი, რომლითაც მხარეები ადასტურებენ ეკონომიკური პარტნიორობისა და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ ოფიციალურად შეთანხმების განზრახვას.
მემორანდუმს ხელი 17 აპრილს მოაწერეს უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
საბოლოო დოკუმენტი, რომელიც მხარეებმა უნდა გააფორმონ, უკრაინის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების სახელითაა ცნობილი.
კიევის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ მემორანდუმში ნთქვამია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტიდან, ამერიკელ ხალხს სურს უკრაინელ ხალხთან ერთად ინვესტირება თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში, აშშ და უკრაინა მიისწრაფიან უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და მტკიცე პარტნიორობისკენ ხალხებსა და მთავრობებს შორის, აღიარებენ ბირთვულ არსენალზე თავისი ნებით უარის შედეგად უკრაინის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილ წვლილს და აპირებენ შექმნან საინვესტიციო ფონდი უკრაინის აღსადგენად.
მემორანდუმიდან ისიც ირკვევა, რომ შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ 11-12 აპრილს, ვაშინგტონში გამართეს პროდუქტიული, ტექნიკური განხილვა, რათა დაასრულონ მოლაპარაკებები საინვესტიციო ფონდის შექმნის შეთანხმებაზე.
მემორანდუმის თანახმად, აშშ პატივს სცემს უკრაინის განზრახვას, შეთანხმების შემუშავებისას თავიდან აიცილოს კონფლიქტები ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო ვალდებულებებთან, ან შეთანხმებებთან, რომლებიც საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებებსა და სხვა კრედიტორებთან აქვს.
აშშ-ისა და უკრაინის შეთანხმების პირობებზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, მომავალ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი, რომელიც აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს შეხვდება.
მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან ჩართული ჯგუფები 26 აპრილამდე წარმოადგენენ ანგარიშს მიღწეული პროგრესის შესახებ, რათა განხილვები დასრულდეს და შეთანხმებას ხელი რაც შეიძლება სწრაფად მოეწეროს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ თავისი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა.
უკრაინას და აშშ-ს 28 თებერვალს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის დროს უნდა მოეწერათ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის.
თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
მარტში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ვაშინგტონმა კიევს შესთავაზა შეთანხმების ახალი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის რესურსებზე პრაქტიკულად სრულ კონტროლს და არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს. წყაროთა თანახმად, უკრაინამ ეს ვარიანტი უარყო. მას შემდეგ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ფორუმი
