რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის „მემარჯვენე სექტორი“ „ტერორისტულ“ ორგანიზაციად აღიარა, წერს „ინტერფაქსი“. ამის შესახებ შუამდგომლობა აღძრა რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ.
ასევე „ტერორისტულად“ გამოცხადდა ორგანიზაციები „მემარჯვენე ახალგაზრდობა“ და გაერთიანება „მემარჯვენე სექტორის უკრაინელ მოხალისეთა კორპუსი“.
2014 წელს „მემარჯვენე სექტორი“ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად აღიარა. მისი საქმიანობა აკრძალულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
2013-2014 წლებში უკრაინაში განვითარებული მოვლენების („ევრომაიდანი“) დროს „მემარჯვენე სექტორის“ აქტივისტებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიციასთან და სპეცრაზმთან შეტაკებებში. ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების შემდეგ მისი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში სეპარატისტების წინააღმდეგ. ორგანიზაციის ბაზაზე ჩამოყალიბებული მოხალისეთა უკრაინული კორპუსი „მარჯვენა სექტორი“ 2022 წელს გადაკეთდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადად, მაგრამ მოგვიანებით ის დაშალეს.
რუსეთში „მემარჯვენე სექტორში“ მონაწილეობა ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება. 2023 წლის ნოემბერში კურსკის სასამართლომ სანქტ-პეტერბურგელ ევგენი კაზანცევს „მარჯვენა სექტორში“ მონაწილეობის საქმესთან დაკავშირებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტულ ორგანიზაციაში და უცხოურ შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობაში და იარაღის უკანონო შეძენა-ტარებაში.