რვა ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაშავდა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად. ამის შესახებ, დღეს, 20 მარტს დილით იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური.
ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სახლები.
უკრაინის კიროვოგრადის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კროპივნიცკიზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა გასულ ღამით იყო.
კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრი რაიკოვიჩის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ კროპივნიცკიზე ყველაზე მასირებული შეტევა განხორციელდა.
უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ერთი თვით ადრე, 18 თებერვალს საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა.
11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმაც. კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე საუდის არაბეთში მოლაპარაკებები 23 მარტს უნდა განახლდეს.
ფორუმი
