„უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება – მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება“ – იენს სტოლტენბერგი
უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია. უკრაინა ნატოს წევრი გახდება, მუშაობა, რომელსაც ახლა ვახორციელებთ ნატო-ში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე გაყენებთ. ასე რომ, როცა დრო დადგება, უკრაინა შეძლებს დაუყოვნებლივ გახდეს ნატოს წევრი. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება.
„რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს. ამავე დროს, მე ვიცი, რომ მხარდაჭერის სერიოზული შეფერხებები სერიოზულ შედეგებს ნიშნავდა ბრძოლის ველზე. თვეების განმავლობაში, აშშ ვერ ახერხებდა დახმარების პაკეტზე შეთანხმებას და ევროპელმა მოკავშირეებმა ვერ შეძლეს საბრძოლო მასალის მიწოდება იმ მასშტაბით, რასაც დაგპირდით. უკრაინა თვეების განმავლობაში იძულებული იყო საბრძოლო მასალის გამოყენება შეეზღუდა. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს და რუსეთმა ფრონტის ხაზის გასწვრივ წინსვლა შეძლო, მაგრამ უკრაინის გამარჯვებისთვის დაგვიანებული არ არის. მეტი მხარდაჭერა გზაშია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მოსკოვს უნდა ესმოდეს, რომ ვერ გაიმარჯვებენ და დასავლეთს უმოქმედობას ვერ აიძულებს.