27 ივლისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული Kh-59/Kh-69 ტიპის მართვადი რაკეტა და შაჰედის ტიპის ირანული 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
დაზუსტებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა მართვადი რაკეტა ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან გაუშვეს, ხოლო შაჰედის ტიპის რაკეტები ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის გაშვებული ყველა სამიზნე დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ხარკოვისა და კიევის რეგიონებში ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, გამომცემლობა Українська правда-ს ცნობით, გასული და მიმდინარე დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გაშვებული კიდევ რვა საჰაერო სამიზნე გაანეიტრალეს, კერძოდ: 4 Supercam ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი, 1 Forpost ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი (ტიპი ამ მონაცემებით უცნობია) და ლანცეტის ტიპის 2 ფრთოსანი რაკეტა.