უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „უახლოეს მომავალში“ მოელის თანამედროვე გამანადგურებლების, F-16-ის მიწოდებას.
ამ დროს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა აშშ-ის კონგრესი, რომ უარი უკრაინისთვის დახმარებაზე შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ აშშ-ს მოუწიოს „ეროვნული საგანძურით და ამერიკელთა სისხლით“ მაღალი საფასურის გადახდა.
8 დეკემბერს რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ ამერიკული გამანადგურებლების მიღებისთვის მზადება მთელი სვლით მიმდინარეობს და მათ „მალე მივიღებთ“. კიევმა არაერთხელ მოუწოდა თავის მოკავშირეებს, მიაწოდონ თვითმფრინავები, რათა წინ აღდგომოდა რუსეთის უპირატესობას საჰაერო სივრცეში. ოქტომბერში დანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას F-16-ის პირველ პარტიას მიაწოდებს 2024 წლის მარტსა და აპრილში.
8 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს მიმართა, დაეთანხმონ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას და განაცხადა, რომ ამ საკითხზე გაგრძელებული დავა „დიდი საჩუქარია“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის. „თუ თვლით, რომ უკრაინისთვის დახმარება ძვირია, დაფიქრდით… რამდენად მაღალი დაჯდება ის ეროვნული საგანძურის და ამერიკული სისხლის ფასად, თუ მოგვიწევს მეხუთე პარაგრაფის შესაბამისად მოქმედება“, – თქვა კირბიმ ნატოს წესდების შესაბამის ნაწილზე მინიშნებით, რომელიც ალიანსის წევრებს ავალდებულებს, მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში მხარში დაუდგეს მას.
„თუ [პუტინი] უკრაინას მიიღებს, ის ნატოს კართან აღმოჩნდება“, თქვა კირბიმ. აშშ-ის რესპუბლიკელი კანონმდებლები უკრაინისთვის დახმარების მიწოდების 60 მილიარდით გაზრდას არ ეთანხმებიან, თუ დემოკრატები არ მიემხრობიან ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე ემიგრანტების შეზღუდვის გაძლიერების ზომებს.
9 დეკემბერს გერმანიის დედაქალაქში გამოსვლისას, ამ ქვეყნის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მისი მთავრობა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მიუხედავად ბიუჯეტში პრობლემებისა. გერმანია უკრაინის ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია ევროპაში და ამ მხრივ მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.
9 დეკემბერს უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 95 „სამხედრო შეტაკების“ შესახებ. გარდა ამისა, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოხდა 28 სარაკეტო თავდასხმა და 27 საჰაერო თავდასხმა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონეცკის რეგიონში, ავდეევკის რაიონში გაიმართა. რუსეთის ჯარები კვირებია ცდილობენ ალყაში მოაქციონ ეს სამრეწველო ქალაქი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო სიმბოლოდ იქცა.