რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა. სამიზნე ამჯერად, სამი თბოელექტროსადგური და უკრაინის ყველაზე დიდი ენერგოფირმა DTEK იყო. 29 მარტს, რუსეთის საჰაერო შეტევის გამო, განადგურებულია კომპანიის კუთვნილებაში არსებული შენობები.
“ტექნიკა ძლიერ დაზიანდა. შეტევის დასრულების შემდეგ, ენერგოინჟინერებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს დაზიანების გამოსწორება”, – დაწერა DTEK-მ “ტელეგრამზე”.
29 მარტს, უკრაინული ელექტროქსელის ოპერატორმა “უკრენერჰომ” განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა “კიდევ ერთხელ დაარტყა ენერგეტიკულ ობიექტებს, მასობრივი და კომბინირებული თავდასხმით”. ღამით განხორციელებულმა შეტევამ დააზიანა “თბო და ჰიდროელექტროსადგურები ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში”.
“უკრენერჰომ” დასძინა, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ დნეპროპეტროვსკის პროვინციაში, ელექტროენერგიის საგანგებო გამორთვა გახდა საჭირო. ელექტროსადგურები ასევე დაზარალდა პოლტავასა და ჩერკასის რეგიონებში.
ამავდროულად, ნატოს წევრმა რუმინეთმა განაცხადა, რომ 28 მარტს გვიან, მდინარე დუნაის მახლობლად, რომელიც უკრაინის საზღვართან მიედინება, ფერმაში დრონის ნამსხვრევები იპოვეს.
„2024 წლის 28 მარტის საღამოს, ფრაგმენტები, რომლებიც თითქოს საჰაერო მოწყობილობიდან (დრონიდან) მოდის, იდენტიფიცირებული იქნა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ინსულა მარე ა ბრაილეში“, – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუმინეთში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.
29 მარტს, დილით, უკრაინულმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებები ისმოდა ივანო-ფრანკოვსკის და ხმელნიცკის რაიონებში, ასევე, ქალაქ დნიპროში, როდესაც უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტები დაფიქსირდა.
სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი, დაიჭრა რუსეთის მიერ დნიპროსთან ახლოს, კამიანსკეს რაიონში საჰაერო დარტყმის შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის ამ შეტევასაც, მიზანში ამოღებული ჰქონდა ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები.
რუსეთის ფართომასშტაბიანმა საჰაერო შეტევამ, უკვე დიდი ზიანი მიაყენა უკრაინის ენერგოსექტორს. ამ თავდასხმებმა კიევი აიძულა შეეჩერებინა ელექტროენერგიის ექსპორტი და ის ახლა, ძირითადად, იმპორტს ეყრდნობა. DTEK-ში კი აცხადებენ, რომ კომპანიამ, რუსული თავდასხმების შემდეგ, თავისი სიმძლავრის დაახლოებით 50 პროცენტი დაკარგა.