ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალურმა კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის კონტროლს დაუბრუნოს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს, სახელწოდებით „ბირთვული უსაფრთხოება და უსაფრთხოების დაცვის ზომები უკრაინაში“, მხარი 62 წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა. დოკუმენტი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ მოახდინოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დეოკუპაცია და დემილიტარიზაცია და ის კიევის სრული კონტროლის ქვეშ დააბრუნოს.
დოკუმენტი შეიცავს პირდაპირ მოწოდებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ყველა არაუფლებამოსილი სამხედრო და სხვა პერსონალის დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ.
რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და უკრაინაში არსებული ყველა ბირთვული ობიექტი უნდა ფუნქციონირებდეს უკრაინის კომპეტენტური ხელისუფლების სრული სუვერენული კონტროლის ქვეშ.
რეზოლუცია ასევე ადასტურებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მანდატს და უწყვეტ მუშაობას.
რეზოლუცია უკრაინისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ იყო ინიციირებული.
