უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან „დეტალური“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ. ჩვენ მზად ვართ წინ ნაბიჯი რაც შეიძლება კონსტრუქციულად გადავდგათ, რათა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ, რომელსაც ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება მოჰყვება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.
„ამ აღდგომამ ნათელი გახადა, რომ რუსეთის ქმედებებია ის, რაც ომს ახანგრძლივებს. ასევე, კირთან [სტარმერი] ევროპის უსაფრთხოების ფორმატში ჩვენი ერთობლივი მუშაობის საკითხი განვიხილე“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
