უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა. ამის შესახებ 13 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოგვიანებით კი X-ზე დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი იერმაკი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და დიპლომატიური სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი:
„ისინი გამართავენ არაერთ შეხვედრას. პარასკევს მეც მექნება ვაშინგტონში ჩასვლისა და პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვიხილოთ ნაბიჯების სერია, რომელთა შეთავაზებასაც ვაპირებ. მადლიერი ვარ პრეზიდენტ ტრამპის ჩვენი დიალოგისა და მისი მხარდაჭერისთვის”.
ზელენსკის თანახმად, იქნება რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრა თავდაცვის კომპანიებთან, ენერგოკომპანიებთან და სავარაუდოდ, სენატორებსა და კონგრესის წევრებთან. როგორც თავად აღნიშნავს, ეს შეხვედრები ტრამპმა შესთავაზა და უკავშირდება ისეთ თავდასხმებს, რომლებიც რუსეთს აქამდე არ განუხორციელებია:
“ეს აუცილებელია – ეს პრეზიდენტ ტრამპის წინადადება იყო და მე შევხვდები ამ კომპანიებს, ვინაიდან არსებობს მწვავე საჭიროებები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ფორმატის თავდასხმებთან, არა ისეთთან, რომლებიც რუსეთმა უკვე განახორციელა. ნებისმიერ შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ”.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის მთავარ ფოკუსში იქნება საჰაერო თავდაცვა და შორი მანძილის საშუალებები, “რომელთა მიზანია რუსეთზე ზეწოლის განხორციელება, მშვიდობისკენ მისი იძულებისთვის”.
ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ ცნობა 13 ოქტომბერს გავრცელდა. მისი და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა 17 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ფორუმი
