უკრაინის დახმარების დასამტკიცებლად კონგრესმენები ალტერნატიულ გზებს ეძებენ

უკრაინის ამერიკელმა მხარდამჭერებმა იშვიათ და საკმაოდ რთულ ზომას მიმართეს, რათა ზეწოლა მოახდინონ წარმომადგენელთა პალატაზე და სცადონ, აიძულონ მისი სპიკერი, საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს.
დემოკრატების მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლის გარეშე, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი სენატში უკვე დამტკიცებულ უკრაინის დახმარების კანონპროექტს კენჭისყრაზე არ აყენებს. ეს კი პრეზიდენტის საბოლოო ხელმოწერამდე, სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მისაწოდებლად, აუცილებელი საფეხურია.
დემოკრატმა კონგრესმენმა ჯიმ მაკგოვერნმა 12 მარტს, საკითხის კენჭისყრაზე დაყენების მოთხოვნით, პალატას ოფიციალური პეტიცია წარუდგინა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ანალოგიურ პეტიციაზე რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკიც მუშაობს.
ეს პრეცედენტულად იშვიათი, მაგრამ სამართლებრივი პროცედურაა, რომელსაც ამერიკელი კანონმდებლები კენჭისყრის მოთხოვნის მიზნით მიმართავენ. თუმცა, როგორც წესი, ისტორიულად მსგავსი პეტიციები ნაკლებად წარმატებულია.
პეტიცია ერთადერთი გზაა, რომლის გამოყენებითაც, კანონმდებლებს შეუძლიათ კანონპროექტის განხილვა უმრავლესობის თანხმობის გარეშე უზრუნველყონ. კონგრესის კვლევის სამსახურის მონაცემებით, საკითხის კენჭისყრაზე დასაყენებლად, პეტიციას ხელი წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, 218-მა კანონმდებელმა უნდა მოაწეროს.
საკმარისი ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი ჯერ თავად პეტიციას უნდა უყაროს. მხოლოდ პეტიციის მხარდაჭერის შემთხვევაში შეიძლება შემდეგ, უკრაინის დახმარების კანონპროექტის განხილვა და მისი დამტკიცება.
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ლიდერებს უკრაინის დახმარების ფინანსური პაკეტი კენჭისყრაზე არ გააქვთ. ამერიკის სენატმა, რომელშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, უკრაინის მხარდაჭერის კანონპროექტი თებერვალში დაამტკიცა.
მიუხედავად სენატის გადაწყვეტილებისა, იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ხელი ამერიკის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. რესპუბლიკელების ნაწილი ამბობს, რომ არ დათანხმდება უკრაინისთვის დახმარების გადაცემას, ვიდრე საიმიგრაციო კანონი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, საკმარისად არ გამკაცრდება.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი , რომელიც დიდი ალბათობით, რესპუბლიკელთა მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატია, თანაპარტიელებს მოუწოდებს, არ წავიდნენ დემოკრატებთან დათმობებზე და ძლიერი საიმიგრაციო ცვლილებების გარეშე, არ დათანხმდნენ უკრაინისთვის დახმარების გადაცემას.