ომში უკრაინის დასახმარებლად “პარტნიორებს მთელს მსოფლიოში ყველაფერი აქვთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
“მსოფლიოს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ნებისმიერი რაკეტის, „შაჰედებისა“ და ტერორის სხვა საშუალებების შესაჩერებლად. მსოფლიოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები სჭირდება, რომელსაც რეალური, საიმედო უსაფრთხოების დაბრუნება შეუძლია,”-წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.
უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ უკრაინას შეუძლია არა მხოლოდ შეაჩეროს რუსული ტერორი და დაიცვას თავისი ცხოვრება, არამედ “დაიცვას მთელი ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ცხოვრება ბოროტების გავრცელებისგან.”
უკრაინის პრეზიდენტი აფრთხილებს პარტნიორებს, რომ მათი მხრიდან სამხედრო-ტექნიკური დახმარების დაყოვნების ყოველი დღე ნიშნავს უფრო მეტ დანგრეულ უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს და დახოცილ ადამიანებს.
გასული წლის შემოდგომიდან აშშ-ის კონგრესი, რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამტკიცებას.
113 აპრილს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ “რესპუბლიკელები მზად არიან მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის დამატებით დახმარებას, თუ ის სესხის სახით იქნება გათვალისწინებული”. ამ საკითხზე ტრამპმა თავის მარ-ა-ლაგოსის აგარაკზე, წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან მაიკ ჯონსონთან გამართა კონსულტაციები. ერთობლივ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი ამ საკითხს “პირდაპირ ახლა განიხილავენ“ და ფიქრობენ, რომ ეს (დახმარება) კრედიტის სახით გააკეთონ და არა საჩუქრად.
კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.
აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.