უკრაინის მედიასაშუალებების გაერთიანება „მედიარუხი“ აპროტესტებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მტრებად გამოცხადებას და რეაგირებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტ ზელენსკის.
„მედიარუხმა“, რომელიც უკრაინის წამყვანი მედიასაშუალებების კორესპონდენტებს, გამომძიებელ ჟურნალისტებს და მედიაექსპერტებს აერთიანებს, დღეს, 17 იანვარს, განაცხადა, რომ ანონიმური ტელეგრამ-არხები და საიტები, რომლებიც არ მალავენ, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობენ და მას მუდმივად იცავენ, სისტემატურად დევნიან დამოუკიდებელ მედიას და გამომძიებელ ჟურნალისტებს, პროვოკაციებს უწყობენ, ცდილობენ უკრაინელი ჟურნალისტები წარმოაჩინონ ხალხის მტრებად, რუსეთის ჯაშუშებად და ნარკომანებად და ამ გზით მოახდინონ მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაცია.
„მედიარუხის“ ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსგავსი შეტევები იყო გამომძიებელ ჟურნალისტ იური ნიკოლოვზე და „უკრაინსკა პრავდას“, „ბაბელის“, „ლიგა ნეტის“ და სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე. მედიაგაერთიანების თანახმად, პროვოკაციებისა და დისკრედიტაციის მცდელობების გარდა, ჟურნალისტებს უთვალთვალებენ და მათ სატელეფონო საუბრებს უსმენენ.
„მედიარუხი“ აცხადებს, რომ ყველა მსგავსი ქმედება დანაშაულია, რომელიც სამართალდამცავებმა დროულად უნდა გამოიძიონ. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, მკაცრად დაგმოს ზეწოლის კამპანია და გამოძიება პირადად გააკონტროლოს.
„სიტყვის თავისუფლების დაცვა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პროვოკაციების შეწყვეტა ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან ანონიმური ტელეგრამ-არხები, რომლებსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ ამ პროვოკაციების ორგანიზებასთან, მას პირდაპირ უწოდებენ შურისძიებას ხელისუფლების, კერძოდ, პრეზიდენტის კრიტიკისთვის“, – ნათქვამია „მედიარუხის“ განცხადებაში. უკრაინის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს.