რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან საუბარში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა უწყების მეთაურის, კირილო ბუდანოვის ცოლის, მარიანა ბუდანოვას მოწამვლა დაადასტურა.
“მარიანა ბუდანოვა მართლაც მოწამლული იყო მძიმე ლითონებით. ახლა ის გადის მკურნალობის პროცედურას, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება”. – თქვა იუსოვმა.
იუსოვის თქმით, სამხედრო დაზვერვა დამატებით დეტალებს მომავალში გაასაჯაროებს.
27 ნოემბერს უკრაინული მედიები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ბუდანოვის ცოლი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული. მოწამლულია დაზვერვის რამდენიმე თანამშრომელიც.
აგვისტოში მიცემულ ინტერვიუში კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ ცოლთან ერთად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, თავის ოფისში ცხოვრობს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყვილი 24 საათი ერთადაა. უკრაინული ცნობებით, 2014 წლიდან მოყოლებული ბუდანოვის მკვლელობა სულ მცირე 10-ჯერ სცადეს.