უკრაინის გენშტაბი: 24 საათში მოგერიებულია 50-ზე მეტი შეტევა, ყველაზე მეტი – ავდეევკასთან

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და ს საოკუპაციო ძალებს შორის ყველაზე ინტენსიური შეტაკებები ხარკოვის და დონეცკის ოლქებშია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, უკრაინის ტერიტორიაზე საერთო ჯამში, 63 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით 7 შეტევა მოიგერიეს. დონეცკის ოლქში, მარინკის მიმართულებით მოგერიებულია 7 და ბახმუტის მიმართულებით – 10 შეტევა.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის მიმართულება, სადაც გასულ 24 საათში ყველაზე მეტი, 30 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ავიაციის მხარდაჭერით ცდილობენ ავდეევკის ალყაში მოქცევას.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, 26 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს ავდეევკიდან ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში.
ამერიკელი ექსპერტები გეოლოკაციური კადრების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ რუსმა სამხედროებმა მცირედით წაიწიეს წინ ქალაქ ავდეევკიდან ჩრდილო-დასავლეთით, 7 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ კრასნოგოროვკასთან და ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე სამრეწველო ზონის აღმოსავლეთ ნაწილში.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობითვე, 26 ნოემბერს უკრაინელი სამხედროები ავდეევკის წინა ხაზზე კონტრშეტევას განაგრძობდნენ, თუმცა, წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.
დაწერეთ კომენტარი