უკრაინის გენშტაბი უარყოფს, რომ რუსეთის ჯარმა დნეპროპეტროვსკის ოლქში პირველი სოფელი აიღო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში შეაღწიეს და პირველი დასახლებული პუნქტი აიღეს.
უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს, 2 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განაგრძობენ შეკავებას რუსი ოკუპანტების, რომლებიც დონეცკის ოლქიდან ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას და დნეპროპეტროვსკის ოლქში შესვლას ცდილობენ. უკრაინის გენშტაბის მტკიცებით, ეს მცდელობები უშედეგოა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რუსეთის მცირე სადაზვერვო ჯგუფმა მოახერხა დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ დაჩნოეში შეღწევა და რუსეთის დროშით ფოტოს გადაღება, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ეს ჯგუფი გაანადგურეს, მომდევნო შტურმიც მოიგერიეს და ორი რუსი სამხედროც დაატყვევეს.
შესაბამისად, როგორც უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რუსული პროპაგანდის შეტყობინებები დნეპროპეტროვსკის ოლქში პლაცდარმის ხელში ჩაგდების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და დაჩნოეს ისევ უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.
30 ივნისს რუსეთის „ახალი რეგიონების ინტეგრაციის საკოორდინაციო საბჭოს“ თანათავმჯდომარე ვლადიმირ როგოვმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელები განდევნდეს დნეპროპეტროვსკის ოლქის პირველი დასახლებული პუნქტიდან, სოფელ დაჩნოედან. დაახლოებით ორი კვირით ადრე რუსეთის ჯარების დაჯგუფება „ცენტრმა“ გამოაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში შევიდნენ.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა მედიას უთხრა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის არმიის შეტევა ე.წ ბუფერული ზონის შექმნის ძალისხმევის ნაწილია.
პუტინმა 22 მაისს გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ.
რუსეთის ჯარების მიერ ამჟამად ნაწილობრივ ოკუპირებულია უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები, რომლებიც რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული. 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული.
ფორუმი