უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ქვედანაყოფები ყველაზე მეტად უტევენ ავდეევკის, ბახმუტის, მარინკის და კუპიანსკის რაიონებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, კუპიანსკის მიმართულებით მოიგერიეს 8 შეტევა, ბახმუტთან – 12, ავდეევკის რაიონში – 17 და მარინკის მიმართულებით – 20.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, სადესანტო ძალებმა უკრაინელების რამდენიმე საყრდენი პუნქტი გაანადგურეს არტიომოვსკის რაიონში. რუსეთი არტიომოვსკს უწოდებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საყრდენი პუნქტი გაუნადგურეს ლიმანის რაიონშიც და მოწინააღმდეგეს მისი დატოვება აიძულეს.
მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის ჯარები ცდილობენ უკრაინის აღმოსავლეთში ინიციატივა დაიბრუნონ და ამ მიზნით ერთდროულად ატარებენ რამდენიმე შეტევით ოპერაციას.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა რუსეთი ინიციატივის სრულად დაბრუნებას, რადგან უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ ზეწოლას ფრონტის კრიტიკულ მონაკვეთებზე.
დაწერეთ კომენტარი