უკრაინის აღდგენას $1 ტრილიონი დასჭირდება – დენის შმიჰალი

უკრაინის აღდგენის გეგმის ღირებულება $1 ტრილიონია და ორი ძირითადი ფონდით ხორციელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა რომში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
აღდგენა 14 წელზეა გაწერილი და დაფინანსდება როგორც რუსული აქტივების კონფისკაციით, ისე კერძო ინვესტიციებით.
აღდგენის დაფინანსების ერთი წყაროა უკრაინის ფონდი, რომლის მოცულობა დაახლოებით $540 მილიარდია. ის ივსება რუსული აქტივების კონფისკაციითა და რუსულ ენერგოპროდუქტებზე დაწესებული სპეციალური გადასახადებით.
დაფინანსების მოერე წყაროა ევროპული სტრუქტურული ფონდი, რომლის მოცულობა 460 მილიარდი დოლარია და კერძო ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.
შმიჰალის განცხადებით, ამჟამად, უკრაინის თავდაცვის ხარჯი ყოველწლიურად €50 მილიარდს აღწევს და მას მიაჩნია, რომ ამ ოდენობის ნახევარი ევროკავშირმა უნდა დაფაროს, რითაც უკრაინისა და ევროპულ უსაფრთხოებას ერთად დაიცავს.