უკრაინის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ერმაკის სახლი გაჩხრიკა

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკის სახლში.
უკრაინულმა მედიამ გადაიღო კადრები, როგორ შევიდა НАБУ-ისა და САП-ის დაახლოებით 10 ოფიცერი სამთავრობო კვარტალში.
მოგვიანებით, ანტიკორუფციულმა ორგანოებმა დაადასტურეს, რომ ჩხრეკას ატარებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სახლში, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ერმაკმა, ასევე, დაწერა, რომ გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ შეჰქმნიათ.
„ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობენ. ჩემი მხრიდან, თანამშრომლობის სრული მზადყოფნაა“, — დაწერა ერმაკმა სოციალურ ქსელში.
სავარაუდოდ, ერმაკის სახლში ჩხრეკა უკავშირდება „მიდასის“ სახელით ცნობილ კორუფციულ სკანდალს.
საქმე ეხება კორუფციას „ენერგოატომში“, სადაც სქემის ორგანიზატორად ზელენსკის ბიზნესპარტნიორი, „კვარტალ-95“-ის თანამფლობელი ტიმურ მინდიჩი სახელდება, ხოლო მონაწილეებად მოიაზრებიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო. გამოძიება მიიჩნევს, რომ ეს ჯგუფი ომის პირობებში სტრატეგიული ობიექტების ხარჯზე მდიდრდებოდა.
ანტიკორუფციულმა სამსახურმა მათ სახლებში 10 ნოემბერს ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე მინდიჩი საზღვარგარეთ გაიქცა. მოგვიანებით ზელენსკიმ მას სანქციები დაუწესა. გალუშჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ანდრეი ერმაკი ითვლება ყველაზე გავლენიან პირად პრეზიდენტის გუნდში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერმაკის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი ზელენსკისთან შეხვედრაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც დააყენეს, თუმცა უარი მიიღეს. პირიქით, ზელენსკიმ ერმაკი -ის სამშვიდობო გეგმაზე მომლაპარაკებელი დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ