უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩხრეკა ტარდება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრიი ერმაკთან.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დღეს, 28 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული მოკლე განცხადებით, სპეციალურ ანტიკორფციულ პროკურატურასთან ერთად პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან „ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები(ჩხრეკა)”.
ბიუროს თანახმად, დეტალებს მოგვიანებით იტყვიან.
ჩხრეკის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებამდე გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იუწყებოდა, რომ დღეს დილით, კიევში „სამთავრობო კვარტალში“ მივიდნენ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლები, რომლებიც ჩხრეკას ატარებენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ერმაკთან.
უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის ფაქტებს იძიებენ.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.
გამოძიების თანახმად, „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისთვის თავსმოხვეული პირობებით, მათ უნდა გადაეხადათ ე.წ. ოტკატი, რათა თავიდან აეცილებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაბლოკვა და არ დაეკარგათ მიმწოდებლის სტატუსი. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის შიგნით ამ პრაქტიკას „შლაგბაუმი“ ეწოდა.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციული გარიგებების მიზნით მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ტიმურ მინდიჩი ხელმძღვანელობდა.
ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც. მინდიჩმა უკრაინა 10 ნოემბერს დატოვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სქემის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე.
„მიდასად” წოდებულ კორუფციის საქმეზე ჯერჯერობით ათამდე პირია ბრალდებული.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა სემიონ კრივონოსმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოძიება ფართოვდება და ახალი ეჭვმიტანილები იქნებიან.
უკრაინული მედია ნოემბრის შუა რიცხვებიდან წერს, რომ კორუფციის საქმეზე ეჭვმიტანილებს შორის შესაძლოა, ერმაკიც აღმოჩნდეს.
ფორუმი




