ჰააგაში 30-ზე მეტი ქვეყნის ხელმოწერით დაფუძნდა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია. მას საქართველოს წარმომადგენელმაც, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა ხელი.
ევროკავშირის ახალი ტრიბუნალი გამოიძიებს აგრესიის დანაშაულებს – ომის დანაშაულის ისეთ კატეგორიას, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის მიღმაა დარჩენილი.
„საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად…
საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი – მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ დადებითად შეაფასა ამ კონვენციაზე საქართველოს შეერთდება.
„მსურს, შეგახსენოთ, რომ საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში. ეს ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან“, – განაცხადა მან.
რა არის „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალი“?
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაიწყო გამოძიება რუსეთის მხრიდან სავარაუდო ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის საქმეებზე, 2013 წლის ნოემბრის მაიდანის რევოლუციით დაწყებული.
ახალი ტრიბუნალი იმ აგრესიის დანაშაულებს გამოიძიებს, რომლებზეც ICC-ს იურისდიქცია არ ვრცელდება. ეს იქნება საერთაშორისო სასამართლო, რომლის საფუძველი უკრაინის კანონმდებლობაში დაიდება და ექნება სამართლებრივი სტატუსი როგორც უკრაინული, ასევე საერთაშორისო, მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით. მასპინძელი ქვეყანა ნიდერლანდი (ჰააგა) არის.
ფორუმი




