უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა კანონიერ სამიზნედ მიიჩნევს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ რუსულ სამხედრო გემებს. ამის შესახებ ვიცე-ადმირალმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს ჰკითხეს, რისთვის არის საჭირო ახალი საზღვაო ბაზა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში აშენებს. ოლექსი ნეიჟპაპას თანახმად, ეს არა იმდენად ბაზა, არამედ ბაზირების პუნქტია, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთს სჭირდება თავისი სამხედრო გემების განთავსების ადგილების გასაფართოებლად, რადგან მთელი ფლოტი ერთ ბაზაზე ვერ ეყოლება.
შეკითხვას, თუ რუსეთი აფხაზეთში ბაზას ააშენებს, იქნება თუ არა ის უკრაინისთვის კანონიერი სამიზნე, სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა უპასუხა, რომ უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ადგილას მყოფი ნებისმიერი გემი, რომელზეც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დროშაა აღმართული.
2023 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „იზვესტიას” უთხრა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაიხსნება და შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის განზრახვა ოკუპაციის შედეგი და ოკუპაციის გაგრძელებაა. საქართველოს პარლამენტის 50-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატოსა და ევროკავშირს მიმართა და მტკიცე პოზიციისკენ მოუწოდა.